სასახლის ღობის საქმე - დღეს სასამართლოში 4 მოწმე გამოიკითხება

02.03.26 11:32
სასახლის ღობის საქმე - დღეს სასამართლოში 4 მოწმე გამოიკითხება

სასახლის ღობის საქმე - დღეს პროკურატურა 4 მოწმეს გამოკითხავს, რომელთა შორის ე.წ. დაზარალებულები სპეცრაზმელებიც იქნებიან.

პროკურორის ინფორმაციით, ასევე მოხდება ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევაც.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას, დღეს 4 მოწმე იქნება წარმოდგენილი და ასევე გარკვეულ ვიდეო ჩანაწერებს გამოვიკვლევთ. მოწმეები არიან გამომძიებლები, ექსპერტები, რომლებიც შემთვევის ადგილზე მუშაობდნენ, - ამბობს საქმის პროკურორი, თამარ იაკობიძე.

უფლებადამცველებს აინტერესებთ, ძალოვანი უწყების ეს თანამშრომლები მაინც თუ მოახერხებენ ვინმეს იდენტიფიცირებას და იტყვიან თუ არა რომ, რომელიმე მათგანმა მათ კონრეტული დაზიანება მიაყენა.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას - უფლებამდაცველების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ პროკურატურამ უკან დაიხია, რადგან ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებაზე ვერ დაითანხმა.

საპროცესოზე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ალექსანდრე ჩილაჩავას და კიდევ რამდენიმე პირთან დაკავშირებით, ვიცი, რომ ისინი არ არიან თანახმა, საპროცესი შეთანხმებაზე. რაც შეეხება დღევანდელ მოწმეებს, დარჩენილია რამდენიმე ექსპერტი და ასევე შესაძლოა რამდენიმე პოლიციელის გამოკითხვა. ვინაიდან ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან ძალადობრივ ქმედებას, ბრალდების მხარემ ამ ვიდეომასალაში უნდა გვაჩვენოს რა სახის ძალადობრივ ქმედებას ახორციელებენ ისინი და ჩვენ ეს ვიდეო მასალა ბოლომდე გვაქვს ნანახი და არსად არ ჩანს, რომ ჩილაჩავა რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას ახორციელებს, - ამბობს ჯემალ ჭკადუა.

პროცესს არ ესწრება ზურაბ ჭავჭანიძე, ვინაიდან ის გასულ სხდომაზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის გამო გააძევა. ასევე სასამართლოში არ გამოცხადებულა გიორგი ქორქია.

სხდომას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი უძღვება.

  • ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.