სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

02.03.26 13:19
სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

სასამართლო პროცესს ესწრებიან ბრალდებულებიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს გასაჩივრებული აქვს. პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.