სკანდალი: პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს იარაღის ჩადებაში პატიმრის ოჯახი ამხელს

02.03.26 13:56
სკანდალი: პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს იარაღის ჩადებაში პატიმრის ოჯახი ამხელს

 

 

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს თემურ კალანდაძეს იარაღის ჩადებასა და შურისძიებაში პატიმრის, დევიდ ბენაშვილის ოჯახი ადანაშაულებს. არაერთ სკანდალში გახვეული კალანდაძის გვარი დღეს იზოლდა გენგაშვილმა პროკურატურასთან დაასახელა, სადაც აქცია “არა ჩადებას“ გაიმართა.

ქალი ამტკიცებს, რომ მისი შვილი გერმანიიდან 1 დღის ჩამოსული იყო, რა დროსაც გამოგონილი ბრალით  დააკავეს და სახლის ჩხრეკის დროს ხელყუმბარა და გასროლილი ვაზნები ჩაუდეს.

ჩამოვედი თელავიდან, რომ ამ აქციას შევუერთდე, ჩემ ბიჭს ჩაუდეს იარაღი, უკვე ზის, წელიწადი და 3 თვეა და სამართლას ვერ მივაღწიეთ ვერსად. 1 დღის ჩამოსული იყო გერმანიიდან, ეზოშიც არ იყო გავლილი წესიერად, როგორც კი გათენდა, გავიდა ობიექტზე, გაიტაცეს იქედან. სახლში ჩხრეკის დროს, დაგვიდეს ლიმონკა ისეთ ადგილზე, რომ ვერ გათვალეს სად უნდა დაედოთ, სადაც ძაღლები და კატები მყავს და საჭმელს ვაჭმევ, იქ და ასევე დადეს გასროლილი ვაზნებიც. თემურ კალანდაძე იყო გადაკიდებული და პირადი მტორბის გულსთვის, - ამბობს გენგაშვილი.

არაერთ სკანდალში გახვეული თემურ კალანდაძე სისტემიდან გაშვებამდე კახეთის პოლიციის უფროსი იყო. გენგაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი სწორედ ამ პერიოდში დააკავეს. 

პროევროპული აქციების დაშლაში მხილებული კაცი, ძალოვანი უწყებიდან მანამდეც არაერთხელ იყო გათავისუფლებული, თუმცა სისტემაში შს მაშინდელმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დააბრუნა, თუმცა გეკა გელაძემ სამსახური ისევ დაატოვებინა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პოლიციის მაღალჩინოსნისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, არც სექსუალური ძალადობის ბრალდებაზე, რაშიც მას მოქალაქე ადანაშაულებდა, არც არაადამიანურ  მოპყრობის ფაქტზე, როდესაც დაზარალებულის მტკიცებით, მოქალაქე  პოლიციის შენობაში წყლის ბოთლებით ცემა  და არც რეგიონებში  აქციებზე გამოსული ხალხის  დარბევაზე.