უნივერსიტეტები დიდი პროტესტისთვის ემზადებიან - 9 მარტს, 17:00 საათზე, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

02.03.26 21:22
უნივერსიტეტები დიდი პროტესტისთვის ემზადებიან -  9 მარტს, 17:00 საათზე, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო ორშაბათს 5 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყება - მას სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან და ერთობლივი მარშით ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლებენ - უცვლელი მოთხოვნით - გაუქმდეს განათლების რეფორმა.

განათლების რეფორმა რეალურად სისტემას ანგრევს - ამბობენ პროფესორები, რომლებიც წლებია საკუთარ მიმართულებებს ავითარებენ - ახლა კი ერთ ხელმოწერით ირაკლი კობახიძემ ილიას უნივერსიტეტს სწავლებების 92 პროცენტი გაუუქმა.

სრულ ბუნდოვანებასა და გაურკვევლობაში არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც - მეორე სემესტრის სწავლება დღეს განახლდა, თუმცა ლექტორები ამბობენ, რომ ასეთივე მოუმზადებელი იქნება უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლისთვის - როცა ჯერ კიდევ უცნობია უნივერსიტეტის დაფინანსების ფორმა, ბიუჯეტი და თუ ფინანსები დაუგეგმავია, შეუძლებელია სასწავლო კურსების გაწერაც.

რთულ სიტუაციაში არიან ის სტუდენტებიც, რომლებიც მაგისტრატურასა და დოქტურანტურაზე აპირებენ სწავლის გაგრძელებას - რამდენად შეძლებენ საზღვარგარეთ სწავლას თუ სწავლება ერთწლიანი იქნება მაგისტრატურაზე - კითხვები ბევრია, პასუხები სამინისტროსგან კი არ აქვთ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში