სინდისის 11 პატიმარი ვერდიქტის მოლოდინში - რა ხდებოდა სააპელაციო სასამართლოში
"დიქტატორი და მკვლელი მთავრობა რომ არ მიყვარს ამიტომ ვარ დამნაშავე? მონად არსებობას ციხეში ყოფნა მირჩევნია" - ეს რეზო კიკნაძის მთავარი სათქმელია 15-თვიანი პატიმრობის შემდეგ. კიკნაძე იმ სინდისის პატიმრებს შორის არის, ვინც ვერ გატეხეს და ვისგანაც "ოცნებამ" არაერთი მცდელობის მიუხედავად აღიარება ვერ მოისმინა. გამარჯვებული ბიჭების საქმეზე დღეს კიკნაძემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, საუბარი ბრიტანულ სანქციებზე დაიწყო და ირანში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა. დარწმუნებულია, რომ ყველა დიქტატორის ბოლო ნანგრევებში სრულდება.
ბიჭი, რომელიც ციხეში ხელსახოცის სროლის გამო გამოკეტეს, ამ დრომდე ვერ იღებს კითხვებზე პასუხს. აინტერესებს რატომ არ გახსნა გამოძიებამ ტელეფონები, რომლებიც 15 თვეა გამოძიებას აქვს და საიდანაც შეეძლოთ დაედასტურებინათ ჰქონდათ თუ არა დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფი შექმნილი. განსასჯელის სკამიდან კიკნაძე იმ ძალოვნებისა და ტიტუშკების დასჯასაც ითხოვდა, ვინც ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს თავს ეხსმოდა.
მტკიცებულებების გარეშე ციხეში გამოკეტილი სინდისის პატიმრების ადვოკატებმა დღეს სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვები თქვეს. მეორე ინსტანციის სასამართლოს უხსნიდნენ რატომ უნდა გააუქმოს მოსამართლე გალუსტაშვილის მიერ გამოტანილი პოლიტიკური ვერდიქტი.
დეპოლარიზაცია და საზოგადოებაში სიძულვილის შემცირება - ეს არის ის, რაც თითქოს "ქართულ ოცნებას" სურს, ბოლო კვირებში ყველაზე ხშირად ამ ფრაზებს იყენებენ. ახლა "ოცნებას" ამის რეალური შანსი აქვს სინდისის 11 პატიმრის საქმეზე, რომელიც თეთრი ძაფით არის შეკერილი, განაჩენი უნდა გადაიხედოს.
ეს ის საქმე, რომელშიც სინდისის პატიმრების წინააღმდეგ პროკურატურას ნულოვანი მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი. საქმე, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ნასროლი ხელსახოცი ქვად აქცია, ნასროლი ჯოხი, რომელიც რამდენიმე მეტრში დავარდა ძალადობის იარაღად. ძალადობის ბრალდება პროკურატურის ვერცერთმა მოწმე-პოლიციელმა ვერ დაადასტურა, ვერცერთმა ამოიცნო საკუთარი დამზიანებელი.
დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში
[ფოტო: არქივიდან]