შეცვლილი ჩვენებები და გამქრალი მტკიცებულებები - სასახლის ღობის საქმეზე მოწმეები გამოიკითხნენ
4 ოქტომბრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა სხდომათა დარბაზში ჩვენება შეცვალა, ზურაბ კუპრავა გამომძიებელია, მან ხუთშაბათს მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის და სხვების პროცესზე თქვა, რომ სასახლის ღობე არ დალუქეს, რადგან ამის დავალება პროკურორ ვაჟა თოდუასგან მიიღო, დღეს კი სიტყვები უკან წაიღო, ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან ჩათვალა, რომ საგამოძიებო მოქმედებებისთვის ფოტოები საკმარისი იყო.
სასახლის ღობე, რომელსაც არაერთი გადაჭრის კვალი ეტყობოდა საქმეში მთავარ მტკიცებულებად, დალუქულ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ღობე გამქრალია. ადვოკატები ფიქრობენ, რომ პროკურატურამ მტკიცებულება გადამალა, რადგან წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია არ გაშიფრულიყო.
გამოიკითხა სპეცრაზმელიც, იოსებ როსტიაშვილი ამტკიცებს, რომ მას ჩაფხუტი დაუზიანდა, რადგან აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მოხვდა, საქმეში არც ეს ჩაფხუტი დევს, მოწმე ამტკიცებს, რომ დაკარგა. როსტიაშვილის ჩვენებით დადგინდა, რომ მოძალადე სპეცრაზმელები, ვინც ნოემბერ-დეკემბერში ხალხს ძვლები დაულეწეს გამოკითხვაზე არავის დაუბარებია.
შეცვლილი ჩვენებები და გამქრალი მტკიცებულებები - ამის შემდეგ ადვოკატები პირდაპირ ამბობენ, რომ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმე პროკურატურას თავზე ჩამოენგრა.