"ქვეყნის მთავარო პროკურორო, ვინ გჯობნით, რომ არ გაჭერინებთ ჩემი შვილის მკვლელებს?" - შვილმკვდარი დედა პროტესტს აანონსებს
კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი და საგანგებო მიმართვა გენერალურ პროკურორს - ნინო გვიშიანი ამტკიცებს, რომ 23 წლის ბიჭი პოლიციელებმა დევნის ოპერაციის დროს მოკლეს.
ქალი ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ 23 წლის თემურ ხადურის საქმის ფიგურანტები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. გვიშიანი გიორგი გვარაკიძეს მძიმე, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პოლიციელების დაუსჯელად ერთ კვირას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრება.
ვიდეო-მიმართვაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი სტიქაროსნის დედა აღნიშნავს, რომ ქუთაისი - თერჯოლის მაგისტრალზე მომხდარი გახმაურებული საქმის დეტალები ქვეყნის მთავარმა პროკურორმა კარგად იცის, რადგან თემო ხადურის სავარაუდო მკვლელობის დროს გიორგი გვარაკიძე იმერეთის საოლქო პროკურორი იყო.
"ქვეყნის მთავარო პროკურორო, ვინ გჯობნით, რომ არ გაჭერინებთ ჩემი შვილის მკვლელებს? - მიმართავს სტიქაროსნის დედა მთავარ პროკურორს.
მივმართავ გენპროკურორს - ბატონო გიორგი, ერთხელ ხომ გადამირჩინეთ ჩემი შვილის მკვლელობის საქმე, რომ არ განადგურებულიყო თერჯოლის პოლიციელების მიერ, ახლა მაინტერესებს - ვინ გჯობნით ქვეყნის მთავარო პროკურორო, რომ არ გაჭერინებთ ჩემი შვილის მკვლელებს, ვინ გაჯობათ?
მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ჩემი შვილის ცხედარი დამიგდეთ და სამი დღე მაძებინეთ, ისე ნახავთ ჩემს სხეულს დაგდებულს სამხარაულის პოლიციასთან. ერთ კვირას გაძლევთ დროს, რომ დაიჭიროთ ჩემი შვილის მკვლელები. წელიწადნახევარია სამართალს დავეძებ გამწარებული დედა - თემო ხადურის დედა და ჯერ კიდევ ვერ ვიოპოვე. ჯერ კიდევ დაუსჯელი დადიან ჩემი შვილის მკვლელები. საქმე გამოძიებულია - რას ელოდებით?
ჩემო ქუთაისელებო, ჩემო თანაქალაქელებო, გთხოვთ დამიდექით გვერდით, მე თემო ხადუურის დედას, რომელიც წელიწადნახევარია დავეძებ სამართალს, მაგრამ ვერ ვიპოვე. გთხოვთ, თქევნს თანადგომას"- ამბობს მოკლული ბიჭის დედა.
ქუთაისი - თერჯოლის მაგისტრალზე მომხდარ ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ერთი წლის წინ გამოაქვეყნა.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ვიდეო-მტკიცებულებები. სოფელ სიმონეთში, ერთ-ერთ ფერმაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს დევნის ოპერაცია დაუსახლებელ ადგილას.
ჩანაწერის მიხედვით:
- 2024 წლის 25 აგვისტოს 22 საათსა და 28 წუთზე თერჯოლის რაიონული სამმართველოს კუთვნილი პიკაპი ფერმასთან ჩნდება ამ ადგილი დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდინარის პირას სტიქაროსანი გარდაცვლილი ნახეს.
- კადრში ჩანს, რომ პოლიციელები სტიქაროსან ფერმის გარშემო ფანრებით ეძებენ. მანქანა დაუსახლებელი ტერიტორიიდან 7 წუთში, 22 საათსა და 34 წუთზე მიდის. [დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ამ დროს სასტიკად სცემეს და შემოაკვდათ].
მაშინ, ადგილზე მისულ "შაბათის ეთერთან" პოლიცია, არ აღიარებდა, რომ 23 წლის სტიქაროსნის მინდორ მინდორ ეძებდა. წესით, დევნის სპეცოპერაცია ნახშირღელის პოლიციის შენობაზე დამონტაჟებული კამერებსაც უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა ეს ჩანაწერები გამქრალია.
თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.
მომწეები, რომელთა ჩვენებები საქმეში დევს, ამტკიცებენ, რომ თემო ხადურმა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა, ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ ნებიერიძე მივიდა. ამ წუთიდან სტიქაროსნის კვალი იკარგება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თემო ხადურის დევნას ოპერაცია დაიწყო და მოხდა ჰაერში გასროლაც.