ჯანგველაძეს რუსეთმა შესთავაზა, ქართულ-რუსულ საკითხებში პოლიტიკური მიმართულებით ჩართულიყო - მორგოშიას სკანდალური ჩვენება

04.03.26 12:15
ჯანგველაძეს რუსეთმა შესთავაზა, ქართულ-რუსულ საკითხებში პოლიტიკური მიმართულებით ჩართულიყო - მორგოშიას სკანდალური ჩვენება

კოკა მორგოშიას სკანდალური ჩვენება სასამართლოზე - ლევან ჯანგველძის მეგობარი და საქმის ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ მოკლულ ბიზნესმენს რუსეთი პოლიტიკურ აქტიურობას სთავაზობდა, რაც ფარცხალაძეს აშფოთებდა.

ჯანგველაძის მიმართ იყო შეთავაზება ქართულ-რუსულ საკითხებში პოლიტიკური მიმართულებით ყოფილიყო ჩართული. ამაზე ლევანმა უარი თქვა - თქვა მორგოშიამ სასამართლო პროცესზე.

მე მითხრა ეს ამბავი ლევანმა. მე ვუთხარი, ჩემი აზრით, არასწორს აკეთებ, რადგან გთავაზობენ, უნდა ჩაერთო, შენი გავლენა სისტემის გარეთ რომ იყოს გასული, აქაურობა ვერ აიტანს და პრობლემები გექნება-მეთქი"- განაცხადა მოწმემ. 

მორგოშია ამბობს, რომ ლევან ჯანგველაძის ავტორიტეტიდან გამომდინარე მისი გაძლიერების გეგმით, ფარცხალძეს "შფოთვები" ჰქონდა. 

"ალტ ინფოს" ლიდერი, რომელიც ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მკვლელობის საქმეზე აძლევს ჩვენებას, ყვება, ჯანგველაძე-ფარცხალაძის დაძაბულ ურთიერთობაზე, იმაზე, რომ მოკლული ბიზნესმენი ყოფილი გენერალური პროკურორისგან საფრთხეს გრძნობდა - "მითხრა, რომ მანქანის ბრონირებასაც აპირებდა"

ლევან ჯანგველაძე მეუბნებოდა, ოთარ ფარცხალაძეს ჩემთან დაკავშირებით ძალიან აქვს შფოთვებიო, ის ამაზე ღიად საუბრობდა. ფარცხალაძის გარეშე ქალაქში არაფერი ხდებოდა. თბილისის ქუჩა ჩაბარებული ჰქონდა ფარცხალაძეს, საბაჟოც მისი იყო, პროკურატურაც, პოლიციაც.

ლევანი კრიმინალური ავტორიტეტი არ ყოფილა, მაგრამ დაახლოებული იყო ადამიანებთან, ვინმეს რამე პრობლემა რომ ეთქვა, შეეძლო მოეკითხა. არ ჰქონდა არც ფინანსების პრობლემა- ეს იცოდა ოთარ ფარცხალაძემაც.

ოთარ ფარცხალაძე იყო მოსული ლევან ჯანგველაძის პანაშვიდზე, თუმცა მე არ შევხვედრივარ.

რაც შეეხება დავით მიქაძეს, მასთან კაზინოს ფულის გამო დაპირისპირებაზე თავად ლევანმა მომიყვა. მითხრა, რომ აპირებდა მანქანის ბრონირებასაც"- განაცხადა მორგოშიამ. 

მისივე თქმით, მან ჯანგველაძე გააფრთხილა: „ფარცხალაძეც გაიგებს, რომ შენ ამას გთავაზობენ, არადა ფარცხალაძეს უნდოდა ეგ მიმართულება-მეთქი“.

„ჯანგველაძეს ვუთხარი, მაშინ უნდა გაყიდო აქტივები და წახვიდე ევროპაში, შენთვის აქ ყოფნა საფრთხის შემცველი იქნება-მეთქი“, - თქვა მორგოშიამ.

რაც შეეხება "კრიმინალური ავტორიტეტი" დედ-ჰასანის შვილიშვილის შესაძლო კავშირს ჯანგველაძის მკვლელობასთან, მორგოშიამ მხოლოდ ის თქვა - ოთარისგან ბევრჯერ აქვს გაგებული, რომ იარაღიანი დაცვის აყვანაში სწორედ დედ ჰასანის შვილიშვილი დაეხმარა - "თან, ნათელმირონია უსოიანი, რომელიღაც მიქაძის".

ოთარისგან ბევრჯერ მაქვს გაგებული,  რომ იარაღიანი დაცვის აყვანაში დედ ჰასანის შვილიშვილი დაეხმარა თან, ნათელმირონია უსოიანი, რომელიღაც მიქაძის. 

ჩვეულებრივი სპექტაკლია თითქოს ლევანს საბერძნეთში ავტორიტეტებთან ჰქონდა დაპირისპირება. ოჯახსაც კი მიუსამძიმრეს ლევანის მვლელობის შემდეგ საბერძნეთიდან. “მოკითხვა საბერძნეთიდან” ეს გაიგეო, პოლიციელები ეკითხებოდნენ კახა ძანძავას, შეთხზვას ცდილობდნენ.

ჯონათან ჯონი ჩემი ფეისბუქი არ არის. მაქვს ჩემი გვერდი, რომელსაც მართავს ადმინისტრატორი. ეს იყო ელისო კილაძის ლეგენდა, ისეთივე როგორიც თითქოს ლევანმა მე 10 მილიონი მომცა პოლიტიკისთვის", - განაცხადა კოკა მორგოშიამ. 

განახლება 14:30 - მოგვიანებით, სასმართლო პროცესზე ადვოკატებმა კოკა მორგოშიას სთხოვეს დაზუსტება, თუ ვინ სთავაზობდა კონკრეტულად ლევან ჯანგველაძეს პოლიტიკაში ჩართვას, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ არ იცის, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია გავლენიან პირებზე. 

ვისგან მოდიოდა პოლიტიკაში ჩართულობაზე შემოთავაზება არ ვიცი მაგრამ გავლენიანი პირები იყვნენ. ლევანი აფხაზეთიდანა, ჰქონდა გავლენები კავშირები  და ამ კონტექსტში რუსულ-ქართულ-აფხაზურ, სავარუადოდ სოციალურ პროექტებში უნდოდათ ჩართულიყო. ეს ფარცხალაძესთვის კონკურენციის საგანი იყო", - განაცხადა მორგოშიამ. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 

მსგავსი სიახლეები