თქვენ გაქვთ შანსი დაასრულოთ ეს მასკარადი და ისტორიის სწორ მხარეს დადგეთ - სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული მოსამართლეს
გაქვთ შანსი დღეს დაასრულოთ ეს ისტორიული მასკარადი, ისტორიის სწორ მხარეს დადგეთ და ჩვენ, ყველა გაგვიშვათ სახლებში- ასე მიმართა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა მანუჩარ მიქელაძემ მოსამართლე თამარ მახარობლიძეს.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა თქვა, რომ როგორც მას ისე, სხვა ბრალდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.
დანაშაული ჩვენ კი არა, დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ, დანაშაული ჩაიდინეს იმ მოწმეებმა, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ გამოდიან - განაცხადა მიქელაძემ.
რატომ არავინ გვეკითხება, რას ვებრძვით, ვის ვებრძვით...? მე ვარ მანუჩარ მიქელაძე, ვიცავ ჩემ ქვეყანას. ვებრძვი არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ძალაუფლება მიტაცებულ ხელისუფლებას და შესაბამისად, მე დანაშაული არ ჩამიდენია. ამიტომ თქვენ, ბატონო მოსამართლევ, გაქვთ შანსი დღეს დაასრულოთ ეს ისტორიული მასკარადი, ისტორიის სწორ მხარეს დადგეთ და ჩვენ, ყველა გაგვიშვათ სახლებში. დანაშაული ჩვენ კი არა, დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ, დანაშაული ჩაიდინეს იმ მოწმეებმა, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ გამოდიან და ზოგი, რას ბჟუტურებს, ზოგს „კასკა“ გაუსკდა და ზოგს, თავი.... თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი, რომ ეს ყველაფერი დაასრულოთ“, - განაცხადა მანუჩარ მიქელაძემ.
ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.