ადვოკატი: ექსპერტებმა პირდაპირ მიუთითეს, რომ ბექა მაჭავარიანი არის შეზღუდულ-შეურაცხადი
სასახლის ღობის საქმე - ბრალდებულ ბექა მაჭავარიანის ადვოკატის, ირაკლი მახათაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეურაცხადობა დაუდგინდა.
უფლებადამცველის განცხადებით, ექსპერტებმა დასკვნაში პირდაპირ მიუთითეს, რომ ბექა მაჭავარიანი არის შეზღუდულ-შეურაცხადი.
როგორც ბექა მაჭავარიანი ამბობს, დაცვის მხარე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს.
დღეს წარვადგინეთ სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - ფსიქიატრიული, სადაც პირდაპირ მიუთითებს ექსპერტთა ჯგუფი, მონაწილე ექსპერტები, რომ ბექა მაჭავარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, იგი შეზღუდულ-შეურაცხადი. ნაწილობრივ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო. დღევანდელ სასამართლოზე ბრალდების მტკიცებულებებიც უდავოდ გავხადეთ და ორიენტირებულები ვართ, გადავდგათ ნაბიჯი საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.