დამპალი ხილ-ბოსტნეული, გაყინული ხორცი, გაურკვეველი წარმომავლობის კარაქი - რას აჭმევენ პატიმრებს?

05.03.26 11:32
დამპალი ხილ-ბოსტნეული, გაყინული ხორცი, გაურკვეველი წარმომავლობის კარაქი - რას აჭმევენ პატიმრებს?

ხოჭო ხაჭაპურში, მატლები პაშტეტში, ობი სოსისში - "რადიო თავისუფლება" 2019-2025 წლებში ციხეებში კვების ხარისხის ანგარიშებს გაეცნო. 

  • დოკუმენტებს, რომელიც გამოცემამ სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვა, პენიტენციური სამსახური 4 წლის განმავლობაში მალავდა.

დოკუმენტებში აღმოჩნდა, რომ პენიტენციურ სისტემას 2019 წლიდან ამარაგებს კომპანია "ილი ჯგუფი", რომელიც ტენდერის პირობებს სისტემატურად არღვევს, თუმცა "ქართული ოცნება" ათეულობით მილიონ ლარზე კონტრაქტებს ისევ მას უფორმებს.

"რადიო თავისუფლება" გლდანის ციხის ყოფილ პატიმრებს ესაუბრა, რომლებიც საკვების უვარგისობაზე საუბრობენ. მათი თქმით, კარაქი რომელიც მათთან მიდიოდა სინამდვილეში რაღაც ცხიმი იყო, რომელსაც ზეთის ნაცვლადაც ვერ იყენებდნენ, ამასთან კატლეტი გაურკვეველი ხორცით იყო დამზადებული და გაქვავებული, ქათმის ბარკლები გაუსუფთავებელი მიდიოდა, რომელსაც ბუმბულები ზედ ჰქონდა დარჩენილი, ხოლო ფაფაში ძირითადად ტარაკნებს პოულობდნენ. 

ქათმის ბარკლები მოდიოდა გაუსუფთავებელი, ბუმბულები ზედ ჰქონდა და ერთხელ დამპალიც მოვიდა…კარაქს ჰგავს, მაგრამ არ ვიცი რა ცხიმია და ვაფშე რა არის. საშინელი რაღაცაა. სალათები მოდიოდა, მაგრამ ყოველთვის არ იჭმეოდა. რამდენჯერმე იყო მე ავიღე და გადავყარე. კატლეტი მოჰქონდათ და კატლეტი თუ იყო არ ვიცი... რაღაცნაირად შეკრული იყო, ვაფშე რა ხორცით მოდიოდა მე არ ვიცი, რა ხორცი ეწერათ და რა ხორცს ხმარობდნენ მე არ ვიცი. მე მგონია ყველაზე, აი რაღაც "ჟილები" და რაღაცები, ნარჩენებისგან იყო გაკეთებული," - ყვება 50 წლის თემო, რომელმაც მე-8 დაწესებულება 6-თვიანი პატიმრობის შემდეგ თებერვლის დასაწყისში დატოვა. ის სასჯელს ფინანსური დანაშაულისთვის იხდიდა.

ყველაფერი ფორმალურად იყო, მაგრამ ისეთი, რომ არ იჭმეოდა... კატლეტი იყო კი, ოღონდ ისეთი ქვასავით მოდიოდა, შანსი არ იყო კატლეტის [ჭამის]. არ იყო ეგ კარაქი და მაგიტომ არ ვიღებდით არავინ მაგას, "დაჟე" რამე რომ შეგეწვა შიგნით გამოგეყენებინა ზეთის ნაცვლად ეგრეც არ ვარგოდა, რაღაც ისეთი ცხიმი იყო გაწვებოდა მერე კუჭზე. ფაფაში იყო ხოლმე ძირითადად პატარა ტარაკანა, ფაფებში. ვამოწმებდით კოვზ-კოვზ, რომ ვჭამდით რაღაცას [ტარაკანა] არ შეგვყოლოდა. საჭმელი საშინელი არის და რავი ტარაკნებს ვპოულობდით ხოლმე ხო გითხარით, ნუ რავი აბა," - ამბობს 25 წლის გიორგი, მან იგივე ციხე 10-თვიანი პატიმრობის შემდეგ - 2025 წლის ზამთარში დატოვა

გთავაზობთ ფრაგმენტებს პენიტენციური სამსახურის "კვების ინსპექტირების კომისიის" მასალებიდან, რომელსაც "რადიო თავისუფლება" ავრცელებს:

"რადიო თავისუფლების" მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ "ილი ჯგუფის" და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლობის სქემა ასეთია:

  • "ილი ჯგუფი" სისტემატურად არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
  • ამ დარღვევის შესახებ ოქმებს ადგენს პენიტენციური სამსახურის ინსპექტირების კომისია;
  • ოქმების საფუძველზე სამსახური კომპანიას აკისრებს სოლიდურ ჯარიმებს;
  • "ილი ჯგუფი" ამ ჯარიმებს არ იხდის, სასამართლოში ასაჩივრებს.

პენიტენციურს 15 სამოქალაქო დავა აქვს “ილი ჯგუფთან” სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში.

დავა 2020-25 წლებში დაკისრებულ ჯარიმებს ეხება. სულ პენიტენციურმა სამსახურმა "ილი ჯგუფი" 37 მილიონი ლარით დააჯარიმა.

აქედან კომპანიას ბიუჯეტში მხოლოდ 5 მილიონ ლარამდე გადაახდევინეს - პირგასამტეხლო დაუკავეს.

  • 2026 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპანიას პატიმრების კვებისთვის თითქმის 1 მლნ ლარი ჩაურიცხეს.
  • 2020-2025 წლებში “ილი ჯგუფმა” მთლიანად ბიუჯეტიდან, პენიტენციურ სამსახურთან დადებული სატენდერო ხელშეკრულებით, 180 მილიონი ლარი მიიღო.

ამ დრომდე პატიმრებსა და ციხეების თანამშრომლებს ისევ "ილი ჯგუფი" ამარაგებს საკვებით.