ბურჭულაძე და მისი გარემოცვა მძღოლებს ქონების გადასამალად იყენებდნენ?! - რა ჩვენება მისცეს მოწმეებმა სასამართლოში

05.03.26 13:21
ბურჭულაძე და მისი გარემოცვა მძღოლებს ქონების გადასამალად იყენებდნენ?! - რა ჩვენება მისცეს მოწმეებმა სასამართლოში

ჯარის ძარცვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მძღოლმა, დავით წიკლაურმა დაადასტურა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძისგან, წლების განმავლობაში, გარკვეულ თანხას "ქეშის" სახით (ნაღდი ფული) იღებდა, შემდეგ კი ბანკის მეშვეობით რიცხავდა. 

როგორც სასამართლოდან "TV პირველის" ჟურნალისტი იტყობინება, მოწმემ პროცესზე განაცხადა, რომ თავდაცვის ექს-შეფი ხელოსნებისთვის გადასარიცხ თანხას და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილ ფულს მძღოლს აძლევდა, შემდეგ კი ის რიცხავდა სხვა პირებთან. 

ეს ის თანხებია, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძეს წესით დეკლარაციაში უნდა შეეტანა, თუმცა ამას არ აკეთებდა. 

ამასთან, დავით წიკლაურის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ის ფიქტიურად დაასაქმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო პოლიციაში, თუმცა მაინც აგრძელებდა ბურჭულაძეების ოჯახის სამსახურში ყოფნას. 

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა კიდევ ერთი ბრალდებულის, ვასილ მხეიძის მძღოლიც. 

რევაზ მგელაძემ სასამართლოში განაცხადა, რომ მის საკუთრებაში მრავალი ავტომობილი და რამდენიმე უძრავი ქონებაა. მისი თქმით, ნაწილი მის სახელზეა გაფორმებული, ნაწილი კი არა. 

პროკურორი მოწმეს წყნეთში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით უსვამდა კითხვებს. რევაზ მგელაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ ვასილ მხეიძემ იუსტიციის სახლში მისვლა და წყნეთში მიწის ნაკვეთის მის სახელზე გადაფორმება სთხოვა. 

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.