დეტექტივი ამბობს, რომ რომ სასტუმრო "თაუერის" კადრებში გიორგი მიქაძე ამოიცნო

05.03.26 16:03
დეტექტივი ამბობს, რომ რომ სასტუმრო "თაუერის" კადრებში გიორგი მიქაძე ამოიცნო

დეტექტივი ბიჭიკო წოწორია ამბობს, რომ რომ სასტუმრო "თაუერის" კადრებში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებში ბრალდებული გიორგი მიქაძე ამოიცნო.

წოწორიას, რომელსაც სასტუმროს 15 თებერვლის კადრები აქვს შესწავლილი, ამბობს, რომ გიორგი მიქაძის იდენტიფიცრება  იქიდან გამომდინარე შეძლო, რომ წინ პერიოდში სწორედ ის მონაწილეობდა მიქაძის დაკავების ოპერაციასა და ჩხრეკაში. 

აგვისტოს თვეში სასამართლოს განჩინება იყო რამდენიმე პირის დაკავებაზე. მე მივიღე მონაწილეობა გიორგი მიქაძის ჩხრეკა -დაკავებაში. ასევე მე შევასახლე იზოლატორში. ვინაიდან საქმე იყო რეზონანსული, როგორც საგამოძიებო ასევე ოპერატიული სამსახური იყო ჩართული. გამომძიებელმა გიორგი ავალიშვილმა წარმომიდგინა სასტუმრო "თაუერის" გარე და შიდა ჩანაწერები. მისი თქმით ეს ხალხი უკვე იდენტიფიცირებული იყო, ამიტომ კადრები სწრაფი გადახვევით ვნახეთ,  15 თებერვლის გარე ჩანაწერზე კი მკითხა ავალიშვილმა შემეძლო თუ არა ვინმეს ამოცნობა. ამ კადრებში შავი ჯიპი ჩერდება, გადმოდის მანქანიდან 3 ადამიანი, მათ შორის ამოვიცანი გიორგი მიქაძე, რომელიც კაპიუშონს იფარებს თავზე. გიორგი მიქაძე სასტუმროდან გამოსულ პირს (გიორგი ჯოხაძეს) ხვდება და აქვთ რამდენიმე წუთიანი კომუნიკაცია", - განაცხადა დეტექტივმა. 

მოწმეს კითხვები დაუსვა მიქაძეების ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ. 

შორენა ნიქაბაძე: ამ კადრებიდან როგორ ამოიცანით გიორგი მიქაძე? სახეზე დაინახეთ?

ბიჭიკო წოწორია: სახეს აქ როგორ დავინახავდი.

მამუკა ჭაბაშვილი: აბა რა დაგეხმარათ გიორგი მიქაძის ამოცნობაში?

ბიჭიკო წოწორია: საერთო ვიზუალი, შეხება ხომ მქონდა გიორგი მიქაძესთან დაკავების დროს. 

შორენა ნიქაბაძე: თქვენ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა შესწავლილი გაქვთ?

ბიჭიკო წოწორია: არა, განათლებით იურისტი ვარ და ოპერ მუშაკი.

შორენა ნიქაბაძე: თქვენთვის ცნობილია რომ ამ კადრებში სამხარაულის საექსპერტო ბიურომ ვერავინ ამოიცნო?

ბიჭიკო წოწორია: არა. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში,  ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.