სად არის “ქართუს“ დაპირებული თბილისის ცენტრალური პარკი - ტერიტორიაზე მოწყობის სამუშაოების კვალი ისევ არ ჩანს

05.03.26 18:33
სად არის “ქართუს“ დაპირებული თბილისის ცენტრალური პარკი - ტერიტორიაზე მოწყობის სამუშაოების კვალი ისევ არ ჩანს

სად არის “ქართუს“ დაპირებული თბილისის  ცენტრალური პარკი - ამ დროისთვის ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გამწვანებული სარეკრეაციო სივრცის  მოწყობის სამუშაოები დაწყებული ისევ არ არის.

“პირველების“ გადამღებ ჯგუფს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, მხოლოდ რადენიმე მუშა და მძიმე ტექნიკა დახვდა, რომლებიც გარკვეულ სამუშაოებს ახორციელებენ. აქვე იმყოფებოდნენ გეოლოგებიც, რომლებიც ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ გამოჩნდნენ.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ გეოლოგების გამოჩენა კორპუსების მშენებლობის დაწყების მომასწავლებელია, თუმცა, მათგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს ვერ იღებენ, თუ რა მიზნით იმყოფებიან აღნიშნულ ტერიტორიაზე.

გეოლოგები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ დაიქირავა იმისთვის, რომ შესაბამისი სამუშაოები აწარმონ, თუმცა კონკრეტულად რომელმა კომპანიამ, ამასაც არ ასახელებენ.

ცდილობენ, გაიგონ მაგარია თუ არა ნიადაგი, რომ მომავალში რომ ჩადგამენ კორპუსს, ფესვებია რ ჩამოენგრეს. ეს ხომ გაყიდულია, დაიწყეს მშენებლობა, ჩვენ რა უნდა ვქნათ. ერტადერთი ბუნებრიობა, სილამაზე, ასაკოვნებისთვის სამოთხე. ყველაგნ კორპუსებს აშენებენ, ყველგან სახლები ჩადგეს, აღარ გვინდა ეს სახლები, ბუნებრიობა აღარ დარჩა. ერთი 5 დღე იქნება, რაც სამუშაოებიდ აიწყო, აგერ წყლის ტრუბებიც გაჰყავთ, - ამბობს ადგილობრივი.

თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ იპოდრომის პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა “ამას კონკრეტული მედიები ვერ ხედავენ“.

კალაძემ ჟურნალისტს მხედველობა დაუწუნა და კვლავ დაიწყო მტკიცება იმის, რომ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ პროექტს ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი “ქართუ“, ეს არის მათის ჩუქარი, ჩვენი ქალაქისთვის. თქვენ რომ ვერ ხედავთ და არ გიდნათ დაინახოთ, ეს თქვენი პრობლემაა, - თქვა კალაძემ.

იგივეს ამტკიცებს, ფონდ “ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი. მისი თქმით,  ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი წლის ბოლოს ვიზიტორებისთვის ნაწილობრივ გაიხსნება.

მისი თქმით, საუბარია პარკის აღმოსავლეთ ნაწილზე, რომელიც ტერიტორიის ნახევარს მოიცავს.

“ცენტრალური პარკის პროექტი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გეგმაზომიერად, ეტაპობრივად ხორციელდება. ამას პირველად ვამბობ საჯაროდ, რომ წელს, წლის ბოლოსთვის გვექნება შესაძლებლობა პარკის აღმოსავლეთი ნაწილი - რაც დაახლოებით, მთელი ტერიტორიის ნახევარს მოიცავს, ვიზიტორებისთვის გაიხსნას”, - თქვა მან.

ცენტრალური პარკის პროექტი, რომელსაც "ქართუ ფონდი" ახორციელებს, ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები ოფიციალურად სწორედ 2020 წელს გახსნა. ტერიტორია ფონდმა "ქართუმ” თბილისის მუნიციპალიტეტს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. 2022 წელს პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და როგორც ფონდმა განაცხადა, იპოდრომზე ცენტრალური პარკის მოწყობა დაახლოებით $20 მლნ დაუჯდება.