“პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ორ პირს ბრალდება წარედგინა

05.03.26 20:21
“პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ორ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ „პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ორ პირს – ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს, ბრალი წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალის წარდგენა დღეს მოხდა, ხოლო საქმეზე ბრალდებულები დაკავებულები არ არიან.

ინფორმაციისთვის, ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა. „პუბლიკის“ ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა. იმავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი. უცნობმა პირმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.