4 კომერციული ბანკი SWIFT-ის ჩინურ ანალოგში გაწევრიანებას იწყებს - რა საფრთხეებზე საუბრობენ ეკონომისტები
საქართველოს 4 კომერციული ბანკი ჩინეთის ბანკთაშორის საგადახდო სისტემაში გაწევრიანებას იწყებს, მათგან ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილის “ბანკი ქართუა“.
ამ პროცესის შუამავალი კი ეროვნული ბანკი იქნება. სისტემა CIPS-ი, რომელიც შეირჩა, საერთაშორისო SWIFT-ის ჩინურ ანალოგად არის მიჩნეული.
ნათია თურნავა უარყოფს, რომ აღნიშნული სისტემა არ განიხილება რაიმე სახით SWIFT-ის ჩამნაცვლებელ პლატფორმად და “ქართუს“ პოდკასტში სტუმრობისას, ამტკიცებდა, რომ ჩინეთთან ვაჭრობის გაძლიერების პირობებში, ქვეყანას სჭირდება ამ საგადახდო სისტემაში გაწევრიანება, რათა გაიოლდეს გადახდა და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
ჩვენ შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და მაქსიმალურად, როგორც ცენტრალურმა ბანკმა, ხელი შევუწყოთ ჩვენ საბანკო სისტემას, რომ უფრო მეტი მჭიდრო კავშირი ჰქონდეს საგადახდო თვალსაზრისით, ჩინურ საფინანსო სისტემასთან, იმიტომ რომ, ერთი რომ იზრდება ვაჭრობა, მეორე რომ იზრდება ტურიზმი, პირდაპირი ფრენების რაოდენობაც იზრდება და საგადახდო სისტემა განაპირობებს, რომ მეტი ტურისტი ჩამოვა, ჩვენგანაც წავა და მოკლედ, ეს არის მხარდასაჭერი. ამისთვის არსებობს ცნობილი საგადახდო სისტემა CIPS-ი, რომელიც ზოგჯერ არასწორად აღიქმება და ჩვენ განვმარტეთ არაერთხელ, ის როგორც SWIFT-ის ჩამნაცვლებელ პლატფორმად არამც და არამც არ არის, იმიტომ რომ, დაახლოებით 180 ქვეყნის 5 ათასზე მეტი წამყვანი ბანკია გაწევრიანებული ამ სისტემაში და პარალელურად სარგებლობენ როგორც SWIFT-ით, ასევე CIPS-ით. ანუ ეს ორი ურთიერთშემვსები მესიჯინგის სისტემაა, რომელიც გადახდებს ემსახურება, - განაცხადა თურნავამ.
რაში სჭირდება ქართულ საბანკო სექტორს სწორება ჩინურ საგადახდო ანგარიშსწორების სისტემაზე, რომელიც მხოლოდ ჩინურ იუანში საერთაშორისო გადარიცხვებისთვის გამოიყენება.
“ოცნებაში“ უარყოფენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი სანქციების შიშითაა გამოწვეული და ამტკიცებენ, რომ “მხოლოდ ქვეყნის და ეროვნული ინტერესების სასიკეთოდ მოქმედებენ.“
ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფერს მოვძებნით, რაც ქვეყნისთვის სასიკეთო და საჭირო იქნება, ეს იქნება ჩინეთთან ურთიერთობები, ევროპასთან ურთიერთობები, ამერიკასთან ურთიერთობები. რაც ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის ბენეფიტის მომტანი იქნება, ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება, - ამბობს კახა კალაძე.
ეკონომისტები საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეროვნული ბანკი და „ოცნება, ეძებენ ალტერნატივას, რომ SWIFT-იდან გათიშვის შემთხვევაში ეკონომიკა სრულად პარალიზებული არ აღმოჩნდეს.
გიორგი ხიშტოვნის თქმით, “ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ თუ დადგა კოლაფსი ფინანსური სისტემის მას ჰქონდეს ალტერნატივა“
ერთის მხრივ, ობიექტური საჭიროება ჩნდება, ანუ უფრო და უფრო ფართოვდება ვაჭრობა ჩინეთთან, პარალელურად შემოდის სანქციების თემაც, ჩვენ ვიცით, რომ დღეს “ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის, ყველაზე დიდი საფრთხე არის SWIFT-ი. დღეს 2 მსხვილი ალტერნატივა არსებობს, ეს არის ჩინური და რუსული სისტემა. რუსულ სისტემასთან ურთიერთობის დამყარება რთულია პოლიტიკურად და ძნელი იქნებოდა ამის გამართლება. თუ ქვეყანას დასავლეთმა ჩაუკეტა კარები, მას სჭირდება ალტერნატივა - ფინანსურ ნაწილში, ფულის მიმოქცევის ნაწილში., სვაჭრო ურთიერთობების ნაწილში და დღეს მთელი ფსონი იდება ჩინეთზე. ჩვენ ვაკაკუნებთ ჩინეთის კარებზე და ვცდილობთ, რომ თუ არ გაგვიღებენ, მინიმუმ გვიპასუხონ მაინც. ყველაფერი ამის შთაბეჭდილებას ტოვებს. ორი რამეა, რასაც აკეთებს ეროვნული ბანკი - ის ცდილობს, რომ თუ დადგა კოლაფსი ფინანსური სისტემის, იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი საქართველოზე, მას ჰქონდეს ალტერნატივა, - ამბობს ხიშტოვანი.
რა არის CIPS:
CIPS — ანუ China's Cross-Border Interbank Payment System — არის ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს იუანით საერთაშორისო ანგარიშსწორების გამარტივებას. სისტემა ამოქმედდა 2015 წელს და მას განაგებს ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC).
CIPS განკუთვნილია როგორც ჩინური, ისე უცხოური ბანკებისთვის, რათა მათ უსაფრთხოდ და ეფექტიანად განახორციელონ იუანით ტრანზაქციები გლობალურ დონეზე. ამით CIPS წარმოადგენს ალტერნატივას SWIFT-ს მსგავს სისტემებზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი ცდილობს გააძლიეროს იუანის გამოყენება საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე.
CIPS-ის სისტემის შესაძლებლობები იუანით ანგარიშსწორებისთვის
- ამცირებს ტრანზაქციის დროსა და ხარჯებს იუანით საერთაშორისო გადარიცხვებისას;
- წარმოადგენს იუანის ინტერნაციონალიზაციის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს;
- საშუალებას აძლევს ჩინეთს შეამციროს დამოკიდებულება დასავლურ ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა SWIFT.