სასახლის ღობის საქმე - მოწმე პოლიციელმა ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნო
კიდევ ერთი მოწმე და კიდევ ერთი ჩვენება ბრალდებული მოქალაქეების სასარგებლოდ - სასახლის ღობის საქმეზე პროცესზე მიყვანილმა პოლიციელმა ვერც დღეს დაადო ხელი რომელიმე ბრალდებულს.
მოწმე- პოლიციელს, ნინო ჯიოშვილს თავად ბრალდებულებმა ჰკითხეს, რატომ არ ჰქონდათ სამხრე კამერები ჩართული პოლიციელებს ათონელის სასახლეში, თუმცა მან თქვა, რომ ზუსტ პასუხს ვერ გასცემდა.
ნინო ჯიოშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს, მას მყესი დაეჭიმა და სწორედ ამაზე ისაუბრა სხდომათა დარბაზში.
ბრალდებულებმა მოსამართლეს სთხოვეს, ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან მათი თქმით, ამ საქმეში მათ წინააღმდეგ ჩვენებები არ არსებობს.
სასახლის ღობის საქმეზე შემდეგი სასამართლო ხდომა 13 მარტს, 11:00 საათზე განახლდება. პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.