სასახლის ღობის საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ ბრალდებულების ნაწილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

06.03.26 15:30
სასახლის ღობის საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ ბრალდებულების ნაწილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

სასახლის ღობის საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ დაკავებულების ნაწილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ მათგანთან.

როინ ხინთიბიძის თქმით, ისინი ბარდლებულებს არაფერს სთავაზობენ, პირიქით, მათ მიმართეს აღნიშნული მოთხოვნით და მოლაპრაკების შეთავაზებც ამის საფუძველზე მოხდა.

თუ რაიმე ისეთ პირობაზე შევჯერდებით, რომელიც მათთვისაც იქნება მისაღები, შესაძლებელია გაფორმდეს, - ამბობს ის.

ვინც მოგვმართა განცხადებით, ყველასთან მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება. ზუსტ რაოდენობას ვერ ვიტყვი, რამდენიმე არის ამ საქმეშიც, სხვა საქმეშიც და ყველასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჩვენ არავის არაფერს ვთავაზობთ, მათ მოგვმართეს და ამის საფუძველზე მოლაპარაკებას ვთავაზობთ, შემდგომში, თუ რაიმე ისეთ პირობაზე შევჯერდებით, რომელიც მათთვისაც იქნება მისაღები, შესაძლებელია გაფორმდეს, თუმცა წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, - აცხადებს პროკურორი. 

სასახლის ღობის საქმეზე შემდეგი სასამართლო ხდომა 13 მარტს, 11 საათზე განახლდება. პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.