გიორგი მიქაძის კითხვა რომიკო გოგიაშვილს: თქვენი ინფორმაცია თუ არ დადასტურდა, მაშინ ვისი პასუხისმგებლობა დგება?
თუ თქვენი ინფორმაცია არ დადასტურდა, მაშინ ვისი პასუხისმგებლობა დგება? - ამ კითხვით მიმართა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ დეტექტივ-გამომძიებელს, რომელმაც სასამართლოზე ერთი-ერთში გაიმეორა ის, რაც 2025 წლის აგვისტოში პატაკში ჩაწერა.
- რომიკო გოგიაშვილი სწორედ ის გამომძებელია, რომლის პატაკში თავდაპირველად ყოფილი გენ-პროკურორის და ძმებ მიქაძეების გვარი გაჟღერდა.
რომიკო გოგიაშვილმა ბრალდებულ მიქაძეს პირდაპირ უთხრა, რომ თავად იღებს სრული პასუხისმგებლობას იმ ინფორმაციაზე, რაც წყარომ მიაწოდა.
გიორგი მიქაძე: მოსეს სჯულში წერია, რომ როდესაც ადამიანს აბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენია, დამბრალებელი ისჯება მის ნაცვლად იმ დანაშაულისთვის, რაზეც ის უნდა დასჯილიყო, ვისაც დააბრალეს. თუ არ დადასტურდა ეს ინფორმაცია, მაშინ ვისი პასუხისმგებლობა დგება - ბატონი რომიკოსი, თუ იმ ადამიანის ვისი ინფოთიც პატაკი შედგა.
ეს პასუხისმგებლობა გააზრებული გაქვთ?
რომიკო გოგიაშვილი: მე სრული პასუხისმგებლობას ვიღებ ინფორმაციაზე რაც მომაწოდა წყარომ.
დღეს სასამართლო დარბაზში რომიკო გოგიაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა ის, რაც 2025 წლის 5 აგვისტოს პატაკში წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად დაწერა - თქვა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთად "დედ ჰასანის" შვილიშვილი სახელდება, რომელმაც ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი გადაუხადა.
დეტექტივ-გამომძიებელმა ასევე ისაუბრა ჯანგველაძის და ფარცხალაძე/მიქაძეების დაპირისპირებაზე, რომელიც მისი თქმით, ბიზნეს-დავებს უკავშირდებოდა. აღნიშნა ისიც, რომ წყარომ მას დეტალურად უამბო, თუ როგორ ვერ ბედავდნენ ფარცხალაძე და მიქაძეები ლევან ჯანგველაძის ლიკვიდაციას, მისი "კანონიერი ქურდი" ძმის გამო.
გოგიაშვილი დეტალურად ყვება, თუ როგორ შემოვიდა საქმეში გიორგი ჯოხაძე და მისი პირადი მცველი, გელა უძილაური, რომელმაც 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძეს 14 ტყვია ესროლა.