კომკომი მაუწყებლების წინააღმდეგ კანონის პრაქტიკაში ამოქმედებას აანონსებს
"იმედის" და "პოსტ-ტვ"-ის დასანქცირებას კომუნიკაციის კომისია “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამოქმედებით პასუხობს.
გავრცელებულ განცხადებაში კომისია წერსმ რომ ბრიტანული სანქციებით შესაძლოა საქართველოში საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს.
კომკომი აცხადებს, რომ ბრიტანული სანქციები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენაა მიმართული.
"აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომუნიკაციების კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი, დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, პასუხისმგებელია უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სტაბილური მედიაგარემო საქართველოში.
გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს.
აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიღებულიყო სწორი და დაბალანსებული მედია პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, დღევანდელმა მოცემულობამ კი საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა“, - აცხადებს კომუნიკაციების კომისია.
ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის მარტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები განახორციელა, რომლის შედეგად, ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, მოთხოვნები და სტანდარტები დადგინდა.
კანონით წესრიგდება ფაქტის ჯეროვან სიზუსტესთან და პასუხის უფლებასთან, სამართლიანობასა და მიუკერძოებლობასთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებასთან და გადაცემასთან, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქებასთან, ასევე არასრულწლოვანი პირის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება სახელმწიფო ორგანოს - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭა. დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კომისიას გააჩნია უფლებამოსილება მაუწყებელს მიმართ შემდეგი სანქციები - გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში - ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება გამოიყენოს.
კანონით დადგენილი წესები და რეგულაციები მაუწყებელთა ონლაინ და სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც ვრცელდება.