ოპოზიცია: ელჩზე თვალთვალი ვენის კონვენციის დარღვევაა
გერმანიის ელჩის შესაძლო თვალთვალთან დაკავშირებულ კადრებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა, პოლიტიკურ სპექტრში მწვავე შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიპლომატებზე შესაძლო თვალთვალი ვენის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს და შესაძლოა სერიოზული დიპლომატიური პრობლემებიც გამოიწვიოს.
ვენის კონვენცია საქართველოში, სამწუხაროდ, მუდმივად ირღვევა, როდესაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, მათ ელჩებს მუდმივად თავს ესხმიან, უკიდურეს შეურაცხყოფას აყენებენ და ამის მორიგი გამოვლინება არის ის, რომ მათზე მიმდინარეობს უკანონო თალთვალი, რაც, ბუნებრივია, დედაქალაქებმა, იმ სახლემწიფოებმა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ საქართველოში, ძალიან კარგად იციან და ამიტომ მერე ნუ უკვირს პოსტ ტვ-ის, "იმედს" და მათ პატრონებს, რომ მათ მიმართ ხორციელდება სასანქციო პოლიტიკა, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
საკითხს ასევე გამოეხმაურა „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, რომელიც აცხადებს, რომ ელჩებზე შესაძლო თვალთვალი შესაძლოა სამართლებრივ დარღვევასაც შეიცავდეს.
ამას ხომ "იმედი" და "პოსტ ტვ"-ი არ უთვალთვალებს, ამს უთალთვალებს სუსი და მერე იძლევა ინფორმაციას, რა უნდა გაკეთდეს. ახლა, მედიასთან მის ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ამ წუთში ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, მაგრამ ელჩის თვალთვალი და მასთან მისული ადამიანების თვალთვალი, რომელ მანქანაში სხედან და მერე მანქანას როგორ ცვლიან, ეს გასაგებია, რაც არის. ცხადია, რომ კონვენციის დარღვევაც არის, ადამიანური წესიერების დარღვევაც არის და რბილად რომ ვთქვათ, შეიძლება, დანაშაულის შემადგენლობაც ჰქონდეს, - ამბობს ნიკა გვარამია.
მომხდარი გააკრიტიკა გიგი წერეთელმაც, რომლის შეფასებითაც პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია.
ელჩებთან, მითუმეტეს, პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს გერმანიის ელჩი იქნება თუ სხვები, ვის მიმართაც ხორციელდება სიტყვიერი ზეწოლა თუ სხვა ათასი ეპითეტებით შემკობა, ელჩზე შეტევა არის ქვეყანაში მიტანილი ასეთი ვერბალური, დიპლომატიური იერიში, რაც არის წარმოუდგენელი, - ამბობს გიგი წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა კადრები, რომლებშიც, მათი მტკიცებით, ჩანს გერმანიის ელჩის გადაადგილება თბილისში. კადრების გავრცელებას პოლიტიკური შეფასებები და მწვავე დისკუსია მოჰყვა.