თბილისის მერიას 37 მილიონი ლარის მიწა აქვს აღრიცხული, რომლის მდებარეობა უცნობია - აუდიტის ანგარიში

08.03.26 17:53
თბილისის მერიას 37 მილიონი ლარის მიწა აქვს აღრიცხული, რომლის მდებარეობა უცნობია - აუდიტის ანგარიში

თბილისის მერიას ბალანსზე აღრიცხული აქვს დაახლოებით 37 მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ზუსტი მდებარეობა დადგენილი არ არის. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის მიხედვით, მერია ვერ უზრუნველყოფს აქტივების რეგულარულ გადათვლასა და მათი საბაზრო ღირებულების სათანადო შეფასებას. შედეგად, არსებობს მილიონობით ლარის ღირებულების მიწები, თუმცა მათი ზუსტი მისამართები და საკადასტრო კოდები არ იძებნება.

აუდიტის სამსახურმა ხარვეზები ასევე გამოავლინა მუნიციპალიტეტის საწარმოების აქტივების აღრიცხვაშიც.

აუდიტის დასკვნას კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე ეხმაურება. მისი შეფასებით, მერიის ბალანსზე არსებული, თუმცა ზუსტი მდებარეობის გარეშე აღრიცხული მიწის ნაკვეთები სერიოზულ კითხვებს აჩენს აქტივების მართვისა და შესაძლო კორუფციული რისკების შესახებ.

მიწის ნაკვეთი აწერია თბილისის მერიას, იძახის, რომ მიწის ნაკვეთი აქვს და ეს მიწის ნაკვეთი არის 37 მლნ ლარის ღირებულების, ოღონდ სინამდვილეში, ეს მიწის ნაკვეთი ფიზიკურად არ არსებობს. ანუ სად არის მიწის ნაკვეთი, არ იცის. შესაბამისად, შეიძლება, საერთოდ გასხვისებულია ეს მიწის ნაკვეთი ან ვიღაცამ უკვე ააშენა იქ კორპუსი. უკანონო მშენებლობები შეიძლება განხორციელდეს, ვიღაცამ შეიძლება, საერთოდ, გაყიდოს, ანუ ვიღაცა პირმა გაასხვისოს ისე, რომ მერიამ საერთოდ ვერაფერი გაიგოს. კორუფციის მაღალი რისკია ანუ 10 ბალიანი სისტემით თუ შევაფასებთ, ათიდან ათი არის კორუფციული რისკი. სრული განუკითხაობაა თბილისის მერიაში და თბილისის მერია ხარჯავს ჩვენს ფულს, ბიუჯეტი მილიარდ ორასია და წარმოიდგინეთ, რომ ამხელა ფულის განმკარგავი ადამიანები ვერ აღწერენ, რა ქონებას ფლობენ და ხომ წარმოდგენილი გაქვთ ამ ფულს როგორ განკარგავენ, - ამბობს ბესო დონაძე. 

აუდიტის ანგარიშს შპს „ნიაური და კომპანიას“ გენერალური დირექტორი ბადრი ნიაური ეხმაურება და ამბობს, რომ საკითხზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა თბილისის მერს, კახა კალაძეს ეკისრება. 

შესაძლოა ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ ციფრები არის ვალიდური, მაგრამ არ მმოხდეს იდენტიციფიცირება და იყოს შეფუთული, გადანახული რაიმე ტიპის ქონება. ეს არის დანაშაული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის იმ ავადსახსენებლი კორუფციის ბრალი, უუნარობის ბრალი და ნებისმიერ შემთხვევაში, პირადად კახა კალაძის, როგორც ქალაქ თბილისის მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე მისგან, რომ მას ძალიან ეშინია სამართლებრივი პასუხისმგებლობის, თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკური პასუხისმგებლობის არ ეშინია, მაგრამ თბილისის მცხოვრებლები ამოვისუნთქებთ თუკი ეს პასუხისმგებლობა მასზე გავრცელდება, - ამბობს შპს "ნიაური და კომპანიას" გენერალური დირექტორი ბადრი ნიაური.