ისრაელმა თეირანში სამხედრო ბაზებისთვის საჭირო ნავთობსაცავები დაბომბა - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში

08.03.26 20:12
ისრაელმა თეირანში სამხედრო ბაზებისთვის საჭირო ნავთობსაცავები დაბომბა - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში

ირანი აცხადებს, რომ ქვეყნის ახალი სულიერი ლიდერი უკვე არჩეულია, თუმცა მისი ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღო ირანის ექსპერტთა ასამბლეამ, რომელიც 88 მაღალი რანგის სასულიერო პირისგან შედგება.

მედიაში ვრცელდება ვარაუდი, რომ ახალი სულიერი ლიდერის ვინაობა უსაფრთხოების მიზეზებით არ ქვეყნდება. ზოგიერთი შეფასებით, ირანის ხელისუფლება შიშობს, რომ ხამენეის ნებისმიერი მემკვიდრე შესაძლოა ისრაელისა და აშშ-ის სამიზნე გახდეს. ცნობილია, რომ ასამბლეის სხდომამდე ირანმა ისრაელის მხრიდან გაფრთხილებაც მიიღო.

ამასთან, სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლების შიგნით გარკვეული დაპირისპირება შეინიშნება. წყაროების ცნობით, პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ნაწილი უკმაყოფილოა პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის განცხადებებით, რომელმაც სპარსეთის ყურის ქვეყნებს ბოლო იერიშებთან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ხელისუფლების გარკვეულ წრეებში კრიტიკის საგანი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ნაწილი უფრო მკაცრი სამხედრო მოქმედებების მომხრეა და რეგიონში დაძაბულობის ზრდას არ გამორიცხავს. პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, მათ შორის ბეირუთში ღამით აფეთქებების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.

ამავე დროს, ირანის უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა არ შეეგუება სულიერი ლიდერის მკვლელობას და შურისძიებით იმუქრებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ განცხადებებს ირონიულად უპასუხა და განაცხადა, რომ ირანი მნიშვნელოვნად დასუსტებულია. მისი თქმით, ბოლო დღეების სამხედრო დაპირისპირების შედეგად თეირანმა შეიარაღებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.