აღაიანში საპოლიციო დევნა ავტოავარიით დასრულდა - რა მოხდა კასპის რაიონში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში საპატრულო პოლიციის მიერ ავტომობილის ადევნება ავარიით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები „KIA“-ს მარკის ავტომობილს გაჩერების მოთხოვნით დაედევნენ.
არსებული ცნობებით, პოლიციური ღონისძიების დროს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავარდა, საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და კლინიკაში ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ავარიის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება ადგილზე გარკვეული დროის განმავლობაში დაძაბული იყო.
ადგილობრივების თქმით, მსგავსი დევნის შემთხვევები სოფელში ადრეც ყოფილა. მათი განცხადებით, სწორედ ხანგრძლივ დევნას უკავშირებენ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.