ყოფილი პატიმარი აკაკი გულიაშვილი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში დეტალურად იხსენებს პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებულ პერიოდს და აცხადებს, რომ მხედველობა არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო დაკარგა. ის უყურადღებობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს გლდანის №18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, დავით დარასელიას და სამედიცინო პერსონალს.
გულიაშვილის თქმით, ციხეში დაცემის შედეგად მიღებული ტრავმის შემდეგ მას სრულყოფილი სამედიცინო კვლევები და მკურნალობა არ ჩაუტარდა. მისი მტკიცებით, შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას მედპერსონალს დაწესებულების დირექტორი პირადი კონფლიქტის გამო ზღუდავდა.
ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ მოგვიანებით, №18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, მას მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა კონტრასტით ჩაუტარდა, რამაც ალერგიული რეაქცია გამოიწვია და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. გულიაშვილის თქმით, ზუსტი დიაგნოზი შემთხვევიდან თითქმის სამი წლის შემდეგ დაუდგინეს, თუმცა ამ დროისთვის მხედველობა სრულად ჰქონდა დაკარგული და მისი აღდგენის შანსი საქართველოში პრაქტიკულად აღარ არსებობს.
მხედველობის დაკარგვის შემდეგ გულიაშვილმა სპეციალურ კომისიას ორჯერ მიმართა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო. გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და გულიაშვილმა საპატიმრო რამდენიმე კვირის წინ დატოვა.
მისი უფლებადამცველის განცხადებით, მზადდება საჩივარი პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ, რომელიც ევროპული სასამართლოსთვის, სტრასბურგში გაიგზავნება.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.