რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი დავით ჩხეიძისთვის ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურაში - ნარკოლოგის განმარტება
ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის დავით ჩხეიძისთვის ნარკოტესტის ჩატარების დროს დაშვებულ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველა ქმედება, რომლებიც იმ დროს სამართალდამცველებმა განახორციელეს, კანონსაწინააღმეგო იყო.
სიხარულიძის თქმით, “ოცნებისვე“ კანონებით, ადამიანს შეუძლია უარი განაცხადოს პოლიციის განყოფილებაში გადასვლაზე და თვითდინებით მივიდეს ნებისმიერ განყოფილებაში, 6 საათის განმავლობაში და ჩაიტაროს როგორც კლინიკური შემოწმება, ასევე მოითხოვოს დამატებითი კვლევა.
შესაბამისად, ნარკოლოგი ამბობს, რომ ჩხეიძის მიმართ ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს.
არ სჭირდება 40 წუთის დალოდება ამ ტესტის პასუხს, სულ 3 წუთში ვლინდება დადებითია თუ უარყოფითი, თუ დადებითია ტესტი, ამ შემთხვევაში აუცილებლად ილუქება, იწერება ოქმი, რომ დაიხურა და ეს ყველაფერი ხდება იმ ადამიანის თვალწინ, ვისაც ამოწმებენ, შესაბამისად, ეს უკვე დარღვევაა. დარღვევა იყო ის, რომ ნარკოლოგიურში, მათივე კანონით, ადამიანის შეუძლია უარი განაცხადოს პატრულთან ერთად გადაყვანაზე, თვითონ, გარკვეული დროის მანძილზე, შეუძლია მივიდეს სხვა ალტერნატიულ მათივე დადგენილ საექსპერტო ბიუროებში და გაიკეთოს, როგორც კლინიკური შემოწმება, ასევე მოითხოვოს დამატებითი კვლევა. ანუ, მას შეეძლო უარი ეთქვა და არ ქონდათ უფლება, რომ ძალით გადაეყვანათ. ანაბეჭდების აღება, რაიმე სურათების გადაღება, არანაირად არ ჯდება ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურაში. შესაბამისად, ეს დარღვევები მიუთითებს იმაზე, რომ აქ არ იყო ინტერესი, ეს 40-წუთიანი ლოდინის რეჟიმიც იყო ზუსტად მაგის დასტური, რომ ვერ მოიფიქრეს, რა უნდა გაეკეთებინათ , - ამბობს სიხარულიძე.
გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნების დროს პოლიციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, დავით ჩხეიძე გააჩერა და ნარკოტესტზე შეამოწმა. პოლიციელების მტკიცებით, ჩხეიძეს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა, რის გამოც ის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ჩხეიძის ინფორმაციით, განყოფილებაში ნარკოტიკების მოხმარება ვერ დაუდგინეს და გამოუშვეს.