სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი არ არის, ველოდებით მის სასამართლოში გადაყვანას - ალავერდაშვილი ადვოკატმა მოინახულა
თბილისში დაკავებული პაატა ალავერდაშვილი, რომელიც საგარეჯოს იზოლატორშია გადაყვანილი, ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მოინახულა.
როგორც ის ამბობს, დაკავებულისთვის დაკავების ოქმი, ამ დრომდე არ გადაუციათ, შესაბამისად, მან არ იცის ოფიციალური მიზეზი, რის გამო დაიჭირეს და რას ედავება საგამოძიებო უწყება.
პაატა ალავერდაშვილი ამ დროისთვის სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება. როგორც მისი ადვოკატი, თეონა ზაქარეიშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა, დაკავების შემდგომ მას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ალავერდაშვილი მოვინახულე იზოლატორში, თავს კარგად გრძნობს, როგორც მითხრა, არ ყოფილა, რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა, ფიზიკური დაზიანებები არ აქვს, თუმცა, ასევე მითხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც მის დაკავებაში მონაწილეობას არ იღებდა და უბრალოდ, შემდგომ ნახა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. პაატა ალავერდაშვილს ამ ეტაპზე 173-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, თუმცა, რას გულისხმობს კონკრეტული მუხლი, მისთვის განმარტება არ გაუკეთებიათ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი არ არის და ველოდებით მის სასამართლოში გადაყვანას, რათა უფრო მეტი დეტალი გავიგოთ. დრო, როდის გადაიყვანენ, ჩვენთვის ცნობილი არ არის, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
აქტივისტი პაატა ალავერდაშვილი წუხელ, გვიან ღამით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან.