აქტივისტების დაკავების ახალი სერია - რა მოხდა თბილისის ცენტრში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ღამით, პოლიციის სამიზნე გახდა. დათო ჩხეიძე ოჯახის წევრებთან ერთად აქციიდან სახლში მცირეწლოვან შვილებთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა ნარკოტესტირების გავლა სთხოვა და უთხრა, რომ ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. აქტივისტების თქმით, კადრებში, რომელიც ადგილზეა გადაღებული, ცრუ მოწმეობაში მანამდე მხილებული ერთ-ერთი პოლიციელი ამოიცნეს.
ტესტირების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანაბეჭდები აუღეს, ფოტო გადაუღეს, პირადი მონაცემები გამოართვეს და დამატებითი ნარკოტესტირება ჩაუტარეს. მალე, დავით ჩხეიძეს უთხრეს, რომ ტესტი შეცდა და ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.
20 საათზე მეტი გავიდა და ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვები - რატომ დასჭირდა დავით ჩხეიძის ნარკოტესტის ჩატარებას 35 წუთი? სად არის ტესტი? რა მოხდა, რატომ შეიცვალა ტესტის პასუხი პოლიციის განყოფილებაში? თუ შსს ყველაფერში თავიდანვე მართალი იყო, რატომ ჩატარდა პროცედურები პროტოკოლის დარღვევით და ხომ არ შეიცვალა ტესტის პასუხი საზოგადოებრივი რეაქციის შემდეგ?
სპეციალისტები ამბობენ, რომ სახეზეა რიგი გადაცდომები და პროტოკოლის დარღვევა.
აქტივისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს ნარკოტიკების ჩადების შემდეგ სულ სხვა ეტაპზე გადავიდა, ახლა თითქოს ქუჩაში ტესტირებით შსს ადამიანების გაშავებას და ციხეში გაშვებას ცდილობს.