"ქართული ოცნების" სტაჟიან მხარდამჭერს სუს-მა ხელბორკილები ქრთამის აღების დროს დაადო
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი. სუს-მა ოთარაშვილი იმ დროს დააკავა, როდესაც ქრთამის ნაწილი 5000 დოლარი მიუტანეს გადაითვალა და აიღო.
რის სანაცვლოდ იღებდა 60 ათას დოლარს რიმა ოთარაშვილი? - "ოცნების" მხარდამჭერი მოქალაქეს ჰპირდება, რომ მიწის ნაკვეთის დაყოფა-გამიჯვნაზე პრობლემები არ შეექმნება - ფარულ ჩანაწერში ისმის ოთარაშვილის სიტყვები, რომ მიწის რეგისტრაციის საქმის მთავარი ფიგურანტი იქნება მერი - თუმცა, რა როლი ჰქონდა მერს და გამოიკითხა თუ არა ის უცნობია.
რიმა ოთარაშვილი "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარია - ის საზოგადოებამ 2022 წელს გაიცნო, როდესაც მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ევროკავშირის შესახებ ფლაერებს არიგებდა და ამაში მერიის თანამშრომლები ხელს უშლიდნენ. მარნეულში ყვებიან, რომ ოთარაშვილი საარჩევნო პროცესებშიც აქტიურად მონაწილეობდა და მათ შორის მოსახლეობის მობილიზებას ახდენდა.
მარნეულის მერიის გარდა, შესაძლო კორუფციის ფაქტები გამოვლინდა არაერთ მუნიციპალიტეტში - მათ შორის ახმეტაშიც - სადაც მერიის თანამშრომლებმა ახმეტის N2 და N4 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულეს, დოკუმენტები გააყალბეს და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 20 ათას ლარზე მეტი მიითვისეს. ქრთამის გადაცემის ბრალდებით დაკავებულია ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარეც.