ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ბებია მომიკლა, გთხოვთ მომეცით საშუალება უკანასკნელ გზაზე გავაცილო - სანდერი მოსამართლეს

10.03.26 13:18
ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ბებია მომიკლა, გთხოვთ მომეცით საშუალება უკანასკნელ გზაზე გავაცილო - სანდერი მოსამართლეს

 

 

ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ბებია მომიკლა, გთხოვთ მომეცით საშუალება უკანასკნელ გზაზე გავაცილო - ამ სიტყვებით მიმართა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულა ნანა სანდერმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.

ბრალდებულმა თქვა, რომ ბებიის დაკრძალვა დღეს არის და სურს, რომ უკანანსკნელად მოეფეროს მას. 

„სასამართლო აღნიშნულში არ ერევა. ძალიან ვწუხვარ, ვიზიარებ." - განაცხადა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა.

ნანა სანდერმა პროცესზე ასევე განაცხადა, რომ მან გუშინვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს განცხადებით, რომ დაკრძალვაზე დასწრების უფლება დართონ. 

ივანიშვილის რუსულმა ტერორისტულმა რეჟიმმა ბებია მომიკლა. დღეს არის დაკრძალვა. ნოემბერ - დეკემბერს ეს ტერორისტული რეჟიმი გვარბევდა, გვაწამებდა, მეც მონაწილე ვიყავი, ბებიაჩემმა ამ ყველაფრის შემყურემ მიიღო ინსულტი, ლოგინად იყო ჩავარდნილი. ამას დაემატა ჩემი უდანაშაულო პოლიტპატიმრობა და ამაზე დარდი. მაშინ როდესაც გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოში დარჩენის იყოს ის რომ მინდოდა ჩემს გამზრდელ ბებიასთან ყოფნა და მასთან ბოლო წლების გატარება, მაგრამ რუსულმა ტერორისტულმა რეჟიმმა არ მომცა საშუალება გამეტარებინა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები და თვეები.
დღეს რამდენიმე საათში ბებიას დაკრძალავენ, მე არ ველოდები არც ქრისტიანობის და ადამიანობის მაგალითს პენიტენციური დაწესებულებიდან, რომ ადამიანურად იმოქმედებენ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ ადამიანურად და ქრისტიანულად, თქვენ შეგიძლიათ მომცეთ საშუალება, რომ ჩემი გამზრდელი ბებია ბოლო გზაზე გავაცილო, რომ უკანასკნელად მოვეფერო მის დანაოჭებულ ლოყებს და ხელებს. სამართლებრივადაც და ტექნიკურადაც ეს შესაძლებელია. 
მე უდანაშაულო პოლიტპატიმარი ვარ. ეს იცის ყველამ, ჩემს საქმეში არაფერია, მხოლოდ საჯარო პოსტები. ტექნიკურად ეს შესაძლებელია, შეუძლიათ დაკრძალვის გადადება თუ გამიშვებთ“, - თქვა სანდერმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე 12 პირის - აბო ნავერიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილის, ბექა ქელეხსაშვილის, ნანა სანდერის, მამუკა ლაბუჩიძის, გიორგი მულაძის, მარიამ მეყანწიშვილის, ავთანდილ სურმანიძის, ანტონ უპერის და თემურ ქურციკიძის პროცესი მიმდინარეობს.

  • ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.