რა კითხვები ჰქონდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ომბუდსმენთან - ლევან იოსელიანის განცხადება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას და საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.
ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ძირითადად აინტერესებდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ. იმ ანგარიშის ირგვლივ გვქონდა საუბარი, რომელიც პარლამენტში შარშან წარვადგინე და რომელიც ეხებოდა 2024 წლის დეკემბერში მიმდინარე მოვლენებს თბილისის ქუჩებში, მათ შორის დღეს საპატიმროში მყოფი ადამიანების მდგომარეობას. ასევე, საუბარი იყო იმ გამოძიებაზე, რომელიც დაწყებულია ამ საქმეებზე და სამწუხაროდ, ბოლომდე არ არის მიყვანილი. ამ საკითხებზე ჩემგან დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია," - განაცხადა იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის განმარტებით, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო აქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების საქმეების განხილვას. ასევე, კანონპროექტებს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ბოლო პერიოდში დააინიცირა და მიიღო.
მათ მაგივრად პოზიციის გაჟღერება გამიჭირდება, ალბათ, თვითონ ისაუბრებენ. შემიძლია ვთქვა იმ საქმიანობაზე, რასაც მე, როგორც სახალხო დამცველი ვახორციელებ. ალბათ, იცით, რომ საკონსტიტუციო სარჩელი წარვადგინე სასამართლოში, სადაც მოვითხოვე მიღებული კანონმდებლობის ნაწილის ცვლილება, რადგან მიმაჩნია, რომ არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან. საკონსტიტუციო სარჩელი წარდგენილია იმ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას, ნიღბების ტარების აკრძალვას და ა.შ. ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სწორედ აქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების საქმეების განხილვას, ამ საკითხზე სახელმწიფოს რეაგირებას და ჩვენს როლს. ამ ყველაფრის ირგვლივ მათ ინფორმაცია მივაწოდე.
რაც შეეხება ბოლო [საკანონმდებლო] ცვლილებებს, დამუშავება მიმდინარეობს. თუ დავინახავთ, რომ ისიც მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან ან ჩვენს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება," - განმარტა ომბუდსმენმა.
ამასთან, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას კითხვები ჰქონდა ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული პატიმრობის სტატისტიკის ზრდაზე.
ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შემთხვევები გაზრდილია, ვიდრე წინა წლებში იყო. ამაზეც იყო საუბარი, დაისვა კითხვა, ხშირად იყენებს თუ არა დღეს სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობას და კი, ეს ასე არის. ეს შემიძლია დავადასტურო. შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელს უფრო ხშირად ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც ღონისძიების გამოყენება, ვიდრე ეს 2024 წელს ან 2023 წელს ხდებოდა," - თქვა იოსელიანმა.