გადათხრილი გზები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ოზურგეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ოზურგეთში მოსახლეობა მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქალაქში გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. მათი თქმით, თითქმის ყველა ქუჩა თვეებია გადათხრილია, სამუშაოები კი დაუსრულებლად გაჭიანურდა.
რთული ვითარებაა სოფლებშიც. მოსახლეობა ამბობს, რომ დაზიანებული გზების გამო ზოგიერთ დასახლებამდე მისვლა პრობლემურია და შემთხვევებია, როცა სასწრაფო დახმარების ავტომობილებიც კი ვერ ახერხებენ პაციენტებთან დროულად მისვლას.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პრობლემების მიუხედავად შესაბამისი უწყებები რეაგირებას არ ახდენენ.
ბავშვი შემეძინა 23 თებერვალს და გაჭირვებით გადავიყვანე ორსული მეუღლე. ხელში აყვანილმა გაოვიყვანე, იმიტომ, რომ აქ გამოსვლა შეუძლებელი იყო, სასწრაფოც ვერ მოდის, ვერ შემოდის ჩვენამდე. რამდენი გაწვიმდება, იმდენი დაბლა მიდის მიწა კიდევ. განცხადებაც დავწერე გამგეობაში, ტელეფონზეც მომივიდა, რომ მივაქცევთ ყურადღებასო, ჯერჯერობით დაპირების ამარა ვართ, - ამბობს სოფელ ასკანას მცხოვრები.
საქონელიც ჩავარდა ჩემი აქ და ამოგლაგნული მოვიდა. რომ არ დაიხრჩო - მადლობა უფალს! ამ ხალხმა რამდეჯერ მიმართეს, მაგრამ "ჯერ ვერ დააგეგმარეს, არ აქვთ საშუალება", ჯერჯერობით დაპირებები არის, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
ოპოზიცია ამბობს, რომ გზების რეაბილიტაციისთვის მილიონით ლარია გამოყოფილი, თუმცა უცნობია, სად მიდის ეს თანხები.
ოზურგეთის მერად წოდებულ ადამიანს კომუნიკაცია არ აქვს ადამიანებთან და კომუნიკაცია რო არ ჰქონდა ადამიანებთან რამდენიმე დღს წინ მას აქციითაც კი მიაკითხეს, რო გზა სჭირდებოდათ. ოზურგეთის მერი არის სუსის ადმინისტრაციის უფროსის ბიძა და ჩემი პირადი წარმოდგენით, მაგალითად, მას, უკაცრავად, და ფეხებზე ჰკიდია ადამიანების საჭიროებები და ის თანხები, ის მილიონები, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით არის გამოყოფილი, დღემდე ადამიანებმა არ იციან, სად მიდი ეს ფული, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი თათია ნიკოლაიშვილი.