სასახლის ღობის საქმე - ბოლო ცნობები სასამართლო პროცესიდან
სასახლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 12 პირის პროცესი გაიმართა.
სხდომაზე დღეს დაზარალებულის სტატუსის მქონე სპეცრაზმელი იოსებ როსტიაშვილი დაიკითხა. მისი თქმით, ის 4 ოქტომბერს იმყოფებოდა ათონელის სასახლესთან, სადაც სამ ეპიზოდში მიიღო დაზიანება.
იოსებ როსტიაშვილს ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ნანა სანდერმა დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით ჰკითხა, მას აინტერესებდა, აქციაზე მიღებული დაზიანებების გამო როდის მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი, თუმცა მოწმემ კონკრეტული თარიღი ვერ გაიხსენა.
ამაზე ნანა სანდერმა უთხრა, რომ მისგან განსხვავებით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დაზარალებულ ასობით დემონსტრანტს დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული, რარასაც მოწმის რეპლიკა მოჰყვა-“თქვენ, თქვენს თავს მიხედეთ“.
აღნიშნულ რეპლიკას დარბაზში ხმაური მოჰყვა.
ნანა სანდერი: როდის მიიღეთ დაზარალებულის სტატუსი ?
მოწმე: არ მახსოვს
ნანა სანდერი: თქვენ ხომ მიიღეთ დაზარალებულის სტატუსი და სპეცრაზმის მხრიდან დაზარალებულ 600-მდე ადამიანს დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუღია.
მოწმე: თქვენ თქვენს სინდისს მიხედეთ.
როსტიაშვილი დღეს ცდილობდა არასასურველი კითხვები თავიდან აეცილებინა, ისე რომ თითქოს არც კი ესმოდა რას ეკითხებოდნენ, რამაც ადვოკატების გაღიზიანება გამოიწვია.
დაპირისპირებული მხარეების შეჩერება რამდენიმე წუთის განმავლობაში მოსამართლემაც კი ვერ შეძლო. საბოლოოდ დღევანდელი პროცესიც ისე დასრულდა, რომ სპეცრაზმელმა ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნო.
ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.