მივიღეთ შეთავაზება პროკურატურის მხრიდან საპროცესო შეთანხმებაზე - ავთანდილ სურმანიძის უფლებადამცველი

10.03.26 18:32
მივიღეთ შეთავაზება პროკურატურის მხრიდან საპროცესო შეთანხმებაზე - ავთანდილ სურმანიძის უფლებადამცველი

სასახლის ღობის საქმე - ადვოკატების თქმით, პროკურატურა აქტიურად აგრძელებს საპროცესო გარიგების შეთავაზებას.

ავთანდილ სურმანიძის უფლებადამცველმა „პირველებს“ უთხრა, რომ სხდომათა დარბაზში, პროცესის დაწყებამდე გაიგო სურმანიძემ, რომ პროკურატურა მას საპროცესო გარიგებას სთავაზობდა.

მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, დათანხმდება თუ არა სურმანიძე პროკურატურის წინადადებას.

სწორად აფასებს პროკურატურა, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების არასაკმარისობას, ამის ფონზე მათი შეთავაზება ლოგიკურია, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მივიღეთ ეს შეთავაზება პროკურატურის მხრიდან, რომელიც არის შემდეგი სახის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით პირობითი სასჯელი, რაზედაც საბოლოო პასუხი არ გვაქვს, თუმცა, განვიხილავთ ამ შემოთავაზებას, - ამბობს სურმანიძის უფლებადამცველი.

განსხვავებულს ამტკიცებს ბრალდების მხარე- საქმის პროკურორი განმარტავს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ ბრალდებულებთან საუბრობენ, რომლებმაც პროკურატურას ამ მოთხოვნით თავადვე მიმართეს.

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის პოზიცია არის ურყევი, თუ რომელიმე ბრალდებული აღიარებს და მომართავს ბრალდების მხარეს, რამდენიმე შემთხვევაში განხორციელდა აღნიშნული, სახელების და გვარების გარეშე გიდასტურებთ. თუ კი იქნება მომართვა, იქნება შესაბამისი განხილვა. არცერთ ბრალდებულთან, რომელიც ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს, არანაირი მოლაპარაკება და შეთავაზება, საპროცესო შეთანხმებაზე არ მიმდიანრეობს, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

სასახლის ღობის საქმის ამ ეპიზოდზე სხდომა 17 მარტს განახლდება. 

  • ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.
  • მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
  • ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.