„ზღაპარის“ დირექტორი: გრძელ ვადაში პროდუქტებზე ფასის შემცირება შეუძლებელია

11.03.26 16:43
„ზღაპარის“ დირექტორი: გრძელ ვადაში პროდუქტებზე ფასის შემცირება შეუძლებელია

პროდუქტებზე ფასის შემცირება შეუძლებელია - ამის შესახებ ქსეული მარკეტების წარმოამდგენლები ამბობენ, რომლებიც უკვე მესამე საათია უხსნიან "ქართლ ოცნებას", როგორ ადგენენ გასაყიდი პროდუქციის ღირებულებას.

„ზღაპარის“ დირექტორის,  თამარ უდესიანის განცხადებით პროდუქტებზე ფასის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ორი-სამი დღე - "გრძელ ვადაში ვერანაირად ვერ გავაიაფებთ - ეს შეუძლებელია!"

მას კითხვა კომისიაზე  ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ დაუსვა - „კომისიის წარმომადგენლებმა რომ გთხოვოთ, რომ ორშაბათიდან, პირობითად 10%-ით, შემდეგი პროდუქტები რძე, კვერცხი, წიწიბურა, შაქარი და მაკარონი გააიაფოთ, შეძლებთ თუ არა ამას?“

“რის ხარჯზე წარმოგიდგენიათ აღნიშნული? თუ ეს პრინციპული მოთხოვნაა, რაღაც მოკლე ვადაში შესაძლებელია მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე და შესაძლებელია ორი-სამი დღე. გრძელ ვადაში აღნიშნულის გაკეთება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. თქვენს მიერ ჩამოთვლილ პროდუქტებს ფასნამატი კი არ აქვს, პირიქით. რა თქმა უნდა, გრძელ ვადაში ვერანაირად ვერ გავაიაფებთ - ეს შეუძლებელია!“ - განაცხადა თამარ უდესიანმა.

მაღაზიათა ქსელ „ზღაპარის“ დირექტორმა ასევე ისაუბრა "ქეშბექის" ზრდაზე და თქვა, რომ ეს თავად პროდუქციის მიმწოდებლებს შორის კონკურენციის შედეგია და არა საცალო ქსელების მოთხოვნა. 

თამარ უდესიანის თქმით, ხშირ შემთხვევაში სწორედ მწარმოებლები და იმპორტიორები სთავაზობენ საცალო ქსელებს დამატებით ბონუსებს, რათა კონკურენტი პროდუქცია თაროებიდან ამოიღონ და მათი პროდუქტი დარჩეს.

„თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ „ქეშბექების“ სახით და თვითონვე სთავაზობენ ქსელს, რომ მეორე [კონკურენტი] გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელში, რაც იწვევს ამ „ქეშბექების“ ასე ზრდას“, – განაცხადა თამარ უდესიანმა.

მისივე განმარტებით, „ქეშბექის“ გაუქმება პროდუქციის გაიაფებას ვერ გამოიწვევს, რადგან საცალო ქსელები ამ თანხას ხშირად ფასდაკლებებისთვის იყენებენ.

უდესიანის შეფასებით, „ქეშბექების“ ზრდა ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსსაც უკავშირდება. მისი თქმით, ხშირად კომპანიები ბაზრის კვლევის გარეშე იწყებენ კონკრეტული პროდუქტის წარმოებას ან იმპორტს, რის შედეგადაც ერთი და იმავე კატეგორიაში რამდენიმე მოთამაშე ჩნდება და ერთმანეთთან ფასობრივ კონკურენციაში შედიან.

ამასთან, კიდევ ერთი სავაჭრო ქსელის, "გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა აღნიშნა, რომ “ბიზნესი ასე არ მუშაობს, რომ რაღაცა სტრუქტურიდან გაიაფება გვთხოვეს“.

“არა - ვერ შევძლებთ!“, - დასძინა მან.

მათ პასუხი დროებითი კომისიის წევრმა ნინო წილოსანმა დაუბრუნა.

“არც პარლამენტი მუშაობს ისე, რომ რაღაცას გთხოვთ - ჩვენ ვიღებთ კანონებს, რეგულაციებს და შესაბამისად ხდება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.