„ევროპროდუქტის“ დირექტორი: იცით, როგორ გვიყურებენ? როგორც ბურჟუაზიას, ჩვენთან არც კი შემოდის შეშინებული მომხმარებელი
იცით, ჩვენ, როგორ გვიყურებენ? - როგორც ბურჟუაზიას. ჩვენთან არც კი შემოდის შეშინებული მომხმარებელი , - ამის შესახებ „ევროპროდუქტის“ დირექტორმა, გიორგი თავდიშვილმა ფასების კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის პროდუქტის იმპორტს აკეთებენ, ლოკაციების განსაკუთრებული შერჩევა უწევთ იმისთვის, რომ მყიდველი მათთან შევიდეს.
თავდიშვილის განმარტებით, კომპანიას ხშირად აკრიტიკებენ მაღალი ფასების გამო, თუმცა მისი თქმით, რეალურად ქსელის ხარჯების სტრუქტურა განსხვავებულია.
დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანია არ არის ორიენტირებული პირველადი მოხმარების იაფ პროდუქტებზე, მისი თქმით, ეს პროდუქტები მათთვის ფასის ფორმირებაში გადამწყვეტი არ არის.
ჩვენ ვაკეთებთ განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის პროდუქტის იმპორტს. როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდით, ევროპაში 1 კგ კარაქი, დაახლოებით 1.60 ევრო ღირდა, დღეს კარაქი ოფიციალური მწარმოებლისგან 9 ევრო ღირს. არც კი განიხილავენ ნებისმიერ საუბარს ფასდაკლებაზე და პრივილეგიებზე, რადგან სურსათის დეფიციტია და სერიოზულ ბრენდებს საოცარი რეალიზაცია აქვთ. წარმოიდგინეთ, პირიქით გვჭირდება კვოტები იმისთვის, რომ პროდუქცია მიიღო და გქონდეს დახლზე.
ჩვენს მოგებას რაც შეეხება, სხვა ქსელებისგან განსხვავებით, ჩვენი მაღაზიების 50%-ზე მეტი გვეკუთვნის ჩვენ თვითონ. ხარჯებში არ არის ნაჩვენები ქირა, რაც სხვა ქსელების შემთხვევაში ამცირებს მოგებებს. ეს სხვებს უქმნის ილუზიას, რომ ჩვენ ძალიან მაღალი მოგებით ვმუშაობთ.
ჩვენ არ ვყიდით პირველადი მოხმარების იმ პაკეტს, რომელიც გინდა თუ არა ჩვენთვის წარმოადგენს მაფორმირებელს. წიწიბურა და მსგავსი პროდუქცია თავის ფასშიც რომ გავყიდოთ, საერთოდ არ არის ეს ჩვენთვის მდგენელი და არ არის პრობლემა. ზეთებზე რომ არის საუბარი, არ შეიძლება ის ზეთები, რომლებიც ჩვენთან იყიდება, კონკურენციაში დააყენო, რადგან სხვა საფასო სეგმენტშია.
იცით ჩვენ როგორ გვიყურებენ? - როგორც ბურჟუაზიას. ჩვენთან არც კი შემოდის შეშინებული მომხმარებელი. ცნობილი გამონათქვამები რომ არის, მე მარგალიტებს ვეძახი, ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი ბომბონერი „მოცარტი“, რომელსაც 172 ლარი ედო დახლზე, სოციალურ ქსელში ვიღაცა წერდა - „ხალხო, ამათ გამო შეიქმნა ფასების კომისია, მათ შექმნეს ფასების პრეცედენტი“ ან „აგროჰაბის“ გოჭზე ეწერა - „რამდენი დიპლომი აქვს ამ გოჭსო. თქვენც კარგად იცით, რომ შვეიცარიასა და ბელგიაში შოკოლადი ვერ ეღირება ისეთი [ფასი] , როგორც „როშენი“ .
მაღაზიების რაოდენობას 50-ს გადავაბიჯეთ, მაგრამ სხვებს 1000 და 1500 ტენდენცია აქვთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოკაციები. სპეციალურად ვარჩევთ ლოკაციებს, რომ ის კატეგორია იყოს, რასაც ჩვენი მყიდველი ჰქვია“,- განაცხადა გიორგი თავდიშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ მკაცრი პირობების გამო კომპანია ზოგიერთ სავაჭრო ქსელთან თანამშრომლობას ვერ ახერხებს, რადგან ხშირად ქსელები ცდილობენ რისკების სრულად გადატანას მომწოდებელზე.