IPI "ოცნებას" რეპრესიული კანონების გაუქმებისკენ, საერთაშორისო საზოგადოებას კი სანქციებსი გამოყენებისკენ მოუწოდებს
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) განცხადებით ეხმაურება ბოლო პერიოდში ამოქმედებულ ახალ კანონებს, რომელსაც მოქალაქეთა ნაწილი "ხალხის დადუმების" მცდელობად აფასებს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ახალი კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიას.
იმის გამო რომ კანონმდებლობით დაფინანსების მიღების საშუალებები იზღუდება, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შესაძლოა, ეს პროცესი ჟურნალისტიკის პარალიზებამდეც კი მივიდეს.
განცხადებაში ცენზურის გაზრდის რისკად არის შეფასებული კანონში არსებული კიდევ ერთიი ჩანაწერი, ხელისუფლების ლეგიტიმურობის საჯარო კრიტიკის შესახებ. საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, განიხილონ მიზნობრივი სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე.
ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციები უნდა შეეხოს არა მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, არამედ იმ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და მოსამართლეებსაც, რომლებიც მედიის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლაში მონაწილეობენ.
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის განცხადებით, მედიის თავისუფლება და სიტყვის გამოხატვის უფლება დემოკრატიის ძირითადი საფუძველია და მისი დაცვა საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.