ლევან ჯანგველაძის მკვლელობა - სასამართლოში კითხვებს საქმის ძირითადი გამომძიებელი პასუხობს
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - საქალაქო სასამართლოში, ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე საქმის მთავარი გამომძიებელი, გიორგი ავალიშვილი პასუხობს კითხვებს. ეს არის ადამიანი, რომელიც პირველივე წუთიდან ზედამხედველობდა თბილისში ჩაცხრილული ბიზნესმენის საქმეს.
როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მოწმე დღეს შეაჯამებს ყველა მოპოვებულ მტკიცებულებას.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება საქმის ძირითადი გამომძიებელი, რომელსაც დაესმევა ყველა შეკითხვა, დაწყებული გამოძიების დღიდან, დასრულებული უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ის დღეს შეაჯამებს ყველა მოპოვებულ მტკიცებულებას და მათ შორის დაესმევა შეკითხვები ისეთ საკითხებზე, რაზეც დაცვის მხარე ხშირ შემთხვევაში აპელირებდა, რომ გარკვეული პროცედურების დაცვით არის მოპოვებული. გამოვიკვლევთ ვიდეო-კამერებსაც, მათ შორის "თაუერის" კამერებსაც. კახაბერ ძანძავასთან დაკავშირებითაც, გამომძიებელი განმარტავს, ძანძავას ორი ტელეფონია ამოღებული, დანიშნულია მასზე ექსპერტიზა, დათვალიერებულია, თუმცა რაიმე საინტერესო ინფორმაცია არ ყოფილა", - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.