აკრძალვის ნაცვლად გაძვირება - რა დაგიჯდებათ მანქანის განბაჟება ახალი ტარიფით?
საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი არ აიკრძალება, თუმცა მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება.
დღეს გაირკვა, რომ მთავრობა გეგმავს 6 წელზე უფროსი ავტომობილებისთვის აქციზის ტარიფის ზრდას ერთ კუბურ სანტიმეტრზე გადასახადი 80 თეთრის ნაცვლად 4.5 ლარი გახდება.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლით, 6 წელზე ძველი ავტომობილის შემოყვანის ტარიფი 1სმ3 0,8 ლარიდან 2,4 ლარამდეა. [ფასისიძველის მიხედვით იზრდება].
ავტომობილის აქციზის გადასახადი საქართველოში ძრავის მოცულობისა და ავტომობილის წლოვანების მიხედვით განისაზღვრება. კუბური სანტიმეტრი (კუბი) წარმოადგენს ძრავის მოცულობის საზომ ერთეულს - მაგალითად, 2.0-იანი ძრავა ნიშნავს, რომ მისი მოცულობა 2 000 კუბურ სანტიმეტრს შეადგენს.
ახალი წესის მიხედვით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის შემთხვევაში აქციზის გადასახადი გამოითვლება ფორმულით: ძრავის მოცულობა × 4.5 ლარი.
მაგალითად, 1.5-ლიტრიანი ძრავის მქონე ავტომობილისთვის გადასახადი დაახლოებით 6 750 ლარი იქნება, 2.0-იანი ძრავის შემთხვევაში - 9 000 ლარი, ხოლო 3.0-იანი ძრავის მქონე ავტომობილისთვის დაახლოებით 13 500 ლარი.
ამასთან, ახალი ავტომობილების განბაჟება გაცილებით იაფი რჩება - 0-დან 3 წლამდე მანქანებზე ერთ კუბზე გადასახადი დაახლოებით 1.2–1.5 ლარია. ჰიბრიდული ავტომობილებისთვის მოქმედებს 50%-იანი საგადასახადო შეღავათი, ხოლო ელექტრომობილების იმპორტი საქართველოში სრულად თავისუფალია აქციზისა და დღგ-სგან.