"(ყაველაშვილის) ადმინისტრაციიდან ფურცლები მოვიდა შეწყალებაზე, დანაშაულის აღიარებას გვთხოვდნენ და უარი განვუცხადეთო" - დაკავებული მაღაროელი
ციხეში მყოფი ჭიათურელი მაღაროელი ამბობს, რომ ათონელის საპრეზიდენტო სასახლიდან შეწყალების მოთხოვნის შესახებ დოკუმენტები გაუგზავნეს, თუმცა შეწყალებას ერთი პირობა აქვს. ადამიანი, რომელიც შრომის არაადამიანურ პირობებს ქუჩიდან აპროტესტებდა, სრულად უნდა დაეთანხმოს პროკურატურას და დანაშაული აღიაროს.
"6 წელი კი არა, კიდევ 6 რომ დამიმატონ, რაც არ გამიკეთებია, იმას მაინც არ ვაღიარებ" - შემოუთვალა გიორგი ნეფარიძემ მიხეილ ყაველაშვილს.
აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ავრცელებს, რომლის თქმითაც, ამის შესახებ მას პირადად უთხრა გიორგი ნეფარიძემ, რომელმაც ციხიდან დაურეკა.
“გიორგიმ დარეკა ციხიდან, მხნედ ვართო. წინა კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ფურცლები მოვიდა შეწყალებაზე, აღიარებას გვთხოვდნენ დანაშაულის, რომ შეწყალება განეხილა და უარი განვუცხადეთო.
6 წელი კი არა, კიდევ 6 რომ დამიმატონ, რაც არ გამიკეთებია, იმას მაინც არ ვაღიარებო. ყველამ მოვუწერეთ უარზე ხელი და გავუგზავნეთო. 9 წელს ვიყავი შეგუებული, ბრალი რომ წარმიდგინეს და 6 წელი არც ისე ბევრია, მალე გავაო.
რასაც ვუყურებ ზოგს გარეთ უფრო აქვს შეზღუდული თავისუფლება, ვიდრე ჩვენ აქ შიგნითო. “ჩვენი სიმართლისთვის ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას”, - წერს ნიკურაძე სოციალურ ქსელში.
გიორგი ნეფარიძე შუქრუთის პროტესტის აქტიური მონაწილე იყო. ის, ასევე, მხარს უჭერდა მაღაროელების ბრძოლას შრომითი უფლებებისთვის. სწორედ მაღაროელებთან, მერაბ სარალიძესა და აჩიკო ჭუმბურიძესთან, ასევე მათ თანამებრძოლ თენგო გველესიანთან ერთად დააკავეს ის 2025 წლის 29 აპრილს.
პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას (სარალიძე, ნეფარიძე) და ამ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას (გველესიანი, ჭუმბურიძე) ედავებოდა. საუბარია 28 ნოემბერს, შუქრუთის მაღაროს დირექტორთან, თენგიზ კობერიძესთან მომხდარ ინციდენტზე. ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებს.
2026 წლის 20 იანვარს მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა მათ პატიმრობა შეუფარდა. სარალიძესა და ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით, ხოლო გველესიანსა და ჭუმბურიძეს – 4 წლითა და 3 თვით.