“ოცნებამ“ პლასტმასის ბოთლებში გამაგრილებელი სასმელების წარმოება აკრძალა - დასაშვებია მხოლოდ 20+ ლიტრი

12.03.26 17:45
“ოცნებამ“ პლასტმასის ბოთლებში გამაგრილებელი სასმელების წარმოება აკრძალა - დასაშვებია მხოლოდ 20+ ლიტრი

2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.

ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

დადგენილება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.

  • კერძოდ, 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.

დადგენილებით განსაზღვრულია გამონაკლისებიც. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე, მათ შორის არალკოჰოლურ და ალკოჰოლურ სასმელებზე. გამონაკლისი შეეხება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას.

მთავრობის განმარტებით, რეგულაციის მიზანი გარემოზე პლასტმასის ნარჩენების ნეგატიური ზემოქმედების შემცირებაა.