ფონდმა “ქართუ“ 452 მილიონ 74 ათასი ლარის იაფი სესხი გასცა - ფული მისივე საკუთრებაში მყოფ კომპანიებსაც მისცეს
ექსპერტები “ქართუ“ ფონდის საეჭვო სესხებზე საუბრობენ. "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებლის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ფონდის ძირითადი საქმიანობა იაფი სესხების გაცემაა.
საქველმოქმედო ფონდის ანგარიშები გასაიდუმლოებულია, თუმცა სხვა კომპანიების აუდიტებით ირკვევა, რა საქმიანობას ეწევა „ქართუ“.
ტურიზმის განვითარების ფონდის აუდიტით გაირკვა, რომ 452 მილიონ 74 ათასი ლარი 2024 წლის დასასრულს ფონდი “ქართუსგან“ ამ ჯგუფის კომპანიებს სესხად ჰქონდათ აღებული.
ეს სესხები იყო ე.წ. იაფი, დაბალპროცენტში გაცემული სესხი, 4 და 7 % -იანი სესხები, რომლებსაც ბანკიდან ვერ აიღებდნენ.
მკვლევარები ეჭვობენ, რომ საქმე შესაძლოა გვქონდეს ფულის გათეთრებასთან და უჩნდებათ კითხვა, ხომ არ არის რუსული სანქცირებული ოლიგარქების ფული.
ფული, რომელიც უნდა ხმარდებოდეს ქველმოქმედებას, 452 მილიონი ლარი, ხმარდება ფონდის საკუთრებაში არსებულ სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესების იაფი სესხით დაფინანსებას, ივანიშვილი მოსახლეობას რომ ჰპირდებოდა, თავისი ფინდიდან თავისივე ბიზნესებს აფინანსებს. ემთხვევა პერიოდი, როდესაც ივანიშვილი ფინანსურ კრიზისშია და დაყადაღებული აქვს თითქმის მილიარდი, ამ პირობებში, საიდან მოვიდა ეს 452 მილიონი, ვისი ფულია, ხომ არ ხდება ფულის გათეთრება, ხომ არ არის რუსი სანქცირებული ბიზნესმენების ფული, საერთოდ რამდენ ფულს განკარგავს ფონდი და რჩება თუ არა ქველმოქმედებისთვის, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ერთ-ერთი სასტუმრო, რომლის მშენებლობისთვისაც “ქართუმ“ სესხი გასცა, სასტუმრო „პარაგრაფი“ იყო, რომელიც თბილისის ცენტრში აშენდა, რომლისთვისაც 61 მილიონი ე.წ. იაფი სესხი გაიცა.
როდის გადაიქცა საქველმოქმედო ფონდი იაფი სესხების გამცემ ორგანოდ - ამ კითხვით მიმართა “პირველების“ ჟურნალისტმა “ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რაზედაც მან შემდეგი პასუხი გასცა:
“საქველმოქმედო ფონდი რა ფუნქციას ასრულებს, წესით უნდა იცოდეთ, და საქართველოშიც რას აკეთებს ჩვენი საქველმოქმედო ფონდი, უნდა იცოდეთ“ , - უთხრა ნატო ხაინდრავამ ჟურნალიტს და კითხვებზე დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვა.
ანგარიშებით ირკვევა, რომ 2024 წლის ბოლოს, საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა საკუთარ კომპანიებზე უაფი სესხის გაცემა.