ქართუ ფონდის სესხები - რა კითხვები აქვთ მკვლევარებს და რა სავარაუდო სქემის არსებობას ეჭვობენ
საქველმოქმედო ფონდი სესხების გაცემაზე გადავიდა - აუდიტის ანგარიშით გაირკვა, რომ 2024 წლის ბოლოს "ფონდ ქართუს" 452 მილიონ 74 ათასი ლარის იაფი სესხი ჰქონდა გაცემული, თან ისევ მის საკუთრებაში მყოფი კომპანიების სახელზე. მკვლევარებისთვის საინტერესოა, რომ ეს ის პერიოდია, როცა ბიძინა ივანიშვილი თავის გაყინულ მილიონებს დარდობს და ფინანსურ კრიზისზე ჩივის, ამიტომაც სვამენ კითხვას, საიდან მოვიდა ეს თანხა, ლამის ნახევარი მილიარდი სესხებისთვის და დარჩა თუ არა ქართუს ფული ქველმოქმედებისთვისაც?
მკვლევარებში არსებობს ეჭვი, რომ ფონდის გავლით დიდი ფული თეთრდება.
ტურიზმის განვითარების ფონდის აუდიტში წერია, რომ საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ 4 და 7 პროცენტიანი სესხები გასცა მაგალითად, ივანიშვილების ოჯახის სასტუმროებსა და სამშენებლო ბიზნესზე. ერთ-ერთი ასეთი სასტუმროა პარაგრაფი - თბილისის შუაგულში. მასზე 2024 წლის ბოლოს 61 მლნ-ს სესხი გაიცა, 2034 წლამდე. რაში სჭირდება ივანიშვილს კომპანიების ასე დაფინანსება - კითხვა ნატო ხაინდრავას დავუსვით, "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისგან ბევრი ვერაფერი გავიგეთ.
მთავარი კითხვები ფულის წარმომავლობაზე არსებობს, ვინ სწირავს თანხას ფონდ ქართუს, ქველმოქმედებაში რამდენს ხარჯავს, რომ საკუთარ კომპანიებზე სესხების გასაცემად 452 მლნ რჩება. ეს რაც 2024 წელზე ვიცით, შესაძლოა თანხის მოცულობა ახლა ბევრად დიდია.
ანგარიშები საიდუმლოა, ამიტომაც შეუძლებელია გავიგოთ, რა რესურსი აქვს და როგორ ანაწილებს ქართუ ფულს ან სესხზე ან კეთილ საქმეზე?