თუ "ოცნება" ეუთოს რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, სამართლებრივად, რას შეიძლება მიმართონ სახელმწიფოებმა? - ბარამიძის განმარტება

13.03.26 11:17
თუ "ოცნება" ეუთოს რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, სამართლებრივად, რას შეიძლება მიმართონ სახელმწიფოებმა? - ბარამიძის განმარტება

სანდრო ბარამიძე განმარტავს, რა შეიძლება მოხდეს, თუ "ოცნება" ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს არ გაითვალისწინებს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი ამბობს, რომ "რეჟიმის მესვეურები" რაც უფრო არასერიოზულად მოეკიდებიან ეუთოს რეკომენდაციებს, მით მალე მივლენ ამ რეკომენდაციების რეალურად განხორციელებამდე.

ბარამიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ყურადღებას ამახვილებს ეუთოს 5 რეკომენდაციებზე და ამბპბს, რომ ამ რეკომენდაციების არ გათვალისწინების შემთხვევაში, ცალკეულმა სახელმწიფოებმა დაიწყონ აღძრან სისხლის სამართლის საქმეები იმ პირების წინააღმდეგ ვინც საქართველოში მომიტინგეების წამებასა და ჩადენილ დანაშაულებში არიან ჭვმიტანილნი.

ბარამიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ანგარიშის თანახმად, 1992 წლის ქიმიური იარაღის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა შესაძლოა მიმართონ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რათა გამოიკვლიოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი.

მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში წარმოდგენილი რეკომენდაციებიდან გამოვყოფდი ხუთ რეკომენდაციას საერთაშორისო თანამეგობრობის - დემოკრატიული სამყაროს მიმართ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს შეუქმნის. 
აქვე ვიტყვი, რომ რეჟიმის მესვეურების და პროპაგანდისტების უსუსური კომენტარები მოსკოვის მექანიზმის ექსპერტის არაკომპეტენტურობის და მთლიანი ანგარიშის არაობიექტურობის შესახებ ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია. რაც უფრო მეტად არასერიოზულად მოეკიდებიან ამ დოკუმენტს და მის რეკომენდაციებს, რაც უფრო მეტ უტიფარ კომენტარს გააკეთებენ მის შესახებ, მით უფრო მალე მივლენ ქვემოთ აღწერილი და სხვა რეკომენდაციების რეალურად განხორციელებამდე. 
ეს რეკომენდაციებია:
1. განიხილონ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსრულებლებისა და მათი უფროსების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეების წარმოების საკითხი თავიანთ ეროვნულ სასამართლოებში, მათ შორის, სადაც შესაძლებელი იქნება, უნივერსალური იურისდიქციის მეშვეობით.
ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ნებისმიერმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ (აშშ-მ, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფომ, სხვ.) აღძრას სისხლის სამართლის საქმეები საქართველოში წამების დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების და მათი უფროსების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებს დანაშაული ამ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ ჩაუდენიათ და ისინი ამ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არ არიან. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ასეთი პირების მიმართ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა სხვა სახელმწიფოში (სახელმწიფოებში), მათი სახელები შეტანილი იქნება ინტერპოლის წითელ ცირკულარში და, საბოლოოდ, მათ მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენები აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. 
2. 1992 წლის ქიმიური იარაღის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა მიმართონ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რათა გამოიკვლიოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი.
თუ ეს ასე მოხდა, მაშინ საქართველოში შეიძლება მოვლენილ იქნეს ფაქტის დამდგენი მისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის, რომელი ქიმიური საშუალება იქნა გამოყენებული ივანიშვილის რეჟიმის მიერ 2024 წლის დეკემბერში, რა ოდენობით იქნა გამოყენებული, რა ზიანი მიადგათ დაზარალებულ პირებს და სხვ.
3. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა განიხილონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივრის წარდგენის საკითხი.
საქართველომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში 40-ზე მეტი საქმე წააგო სტრასბურგის სასამართლოში - ლაპარაკია სახელმწიფოს მიერ ჩადენილ მხოლოდ იმ აქტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ. ბევრად მეტი რეზონანსი მიეცემა ამ რეჟიმის მიერ ჩადენილ ანტიკონვენციურ აქტებს იმ შემთხვევაში, თუ მათ სტრასბურგის სასამართლოში ევროპული კონვენციის ხელმომწერი სხვა სახელმწიფო (სახელმწიფოები) შეიტანს.
4. რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებმა განიხილონ საქართველოში არსებული სიტუაციის გადამისამართება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის აქტების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით.
თუ ამ პროცესს მიეცა მსვლელობა, მაშინ წამებაში მხილებულ პირებს მოუხდებათ წარდგნენ საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების წინაშე. მათ მიმართ გაიცემა დაკავების ორდერები და სხვ.
5. წამების წინააღმდეგ კონვენციის მხარე სახელმწიფოებმა განიხილონ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მიმართ სარჩელის წარდგენის საკითხი.
თუ ეს ასე მოხდა, დადგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი არა ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, არამედ კონკრეტულად წამების წინააღმდეგ კონვენციის დარღვევის გამოც. ყველა სხვა შედეგთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს შეიძლება ძალზე დიდი მოცულობის კომპენსაციის გადახდა მოუხდეს", - წერს სანდრო ბარამიძე. 

ასევე ნახეთ:

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

  •  

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.