ეუთოს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ბოლო პერიოდის ყველაზე მძიმე შეფასებაა.
როგორც თოლორაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში განმარტავს, ანგარიში მძიემა იმიტომ, რომ ქვეყანაში სისტემურ წამებაზე და ქვეყანაში ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ სისტემურ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. ასევე სრულ უნდობლობას გამოხატავს ქართული მართლმსაჯულების სისტემის და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი
მისი თქმით, ეუთოს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები.
ეუთოს ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ბოლო პერიოდის ყველაზე მძიმე შეფასებაა. მძიმეა არამხოლოდ იმიტომ, რომ თითქმის ყველა ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლების დარღვევას ადგენს, არამედ იმიტომ, რომ:
1. ქვეყანაში სისტემურ წამებაზე დაარაადამიანურ მოპყრობაზე და ამ უმძიმესი დანაშაულების დაუსჯელობაზე საუბრობს;
2. ქვეყანაში ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ სისტემურ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს;
3. სრულ უნდობლობას გამოხატავს ქართული მართლმსაჯულების სისტემის და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, პრაქტიკულად პრეზუმფციულად მიიჩნევს, რომ ამ სისტემურ დანაშაულებზე, მისი მასშტაბის და პოლიტიკური კომპონენტის გათვალისწინებით, ქვეყნის შიგნით სამართალი ვერ მიიღწევა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ისეთი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებისკენ, როგორიცაა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი.
ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები (წამების და არასათანადო მოპყრობის სათანადო გამოძიება, რეპრესიული კანონების გაწვევა, პოლიტიკური დევნის და ადამიანის უფლებების დამრღვევი პრაქტიკების შეწყვეტა და აშ.) ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები.
ეს ქვეყნისთვის მძიმე ანგარიშია და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიშის ადრესატი ჩვენი ქვეყანა გახდა", - წერს ლონდა თოლორაია.
ასევე ნახეთ:
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.