სდსს-ს თანამშრომელმა დაადასტურა, რომ არცერთი ბრალდებულის მიმართ მას პრეტენზია არ აქვს - ადვოკატი
4 ოქტომბრის საქმე - სდსს-ს თანამშრომელმა, გიორგი თათარაშვილმა კვლავ ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნო.
თათარაშვილი აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის მხრიდან მოწმის სახით იყო წარმოდგენილი. როგორც მან განმარტა, ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი არიან მისი თანამშრომლები.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქციის დღეს, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლესთან ჯერ ტელევიზიები მივიდნენ, რა დროსაც სდსს-ს თანამშრომლებმა ჭიშკარს დაადეს ბოქლომი. შემდეგ კი, მისი თქმით, „აგრესიულად მივიდნენ მომიტინგეები".
ადვოკატის თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელმა, დაზარალებულად ცნობილმა პირმა, დაადასტურა, რომ არცერთი პირის მიმართ მას პრეტენზია არ აქვს.
ბრალდების მხარემ დაკითხა 2 მოწმე, ერთი ექსპერტი ტრასოლოგი, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა, მხოლოდ ფაქტი, მის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა - კონკრეტული ღირებულება, კონკრეტული ქონებების, რაც დაზიანდა. თუმცა, როგორც ვიცით, არცერთი პირი არ არის იდენტიფიცირებული, ვინ იყო დამზიანებელი ამ სხვადასხვა ქონების. მეორე იყო სდსს-ს თანამშრომელი და როგორც სხვა ყველა დაზარალებულმა პირმა, ვერც ამ თანამშრომელმა ვერ მიუთითა რომელიმე კონკრეტულ პირზე, რომელიმე ბრალდებულზე, რომ თითქოს, რომელიმე მათგანი დანაშაულებრივ მოქმედებებს ახორციელებდა. შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელმა, დაზარალებულად ცნობილმა პირმა, დაადასტურა, რომ არცერთი პირის მიმართ მას პრეტენზია არ აქვს, - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
- 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.