მიზეზი ჩვენი სახელმწიფო სისტემის უსუსურობაა - მოძრაობა “აფხაზეთისთვის” წარმომადგენელი ბაღიშვილის დაკავებაზე

13.03.26 17:43
მიზეზი ჩვენი სახელმწიფო სისტემის უსუსურობაა - მოძრაობა “აფხაზეთისთვის” წარმომადგენელი ბაღიშვილის დაკავებაზე

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ჩავარდნილი კიდევ ერთი ქართველი ბრალის წარდგენას ელოდება. 58 წლის ემზარ ბაღიშვილის, აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლება ჯაშუშობის ბრალდებით უპირებს გასამართლებას.

კაცი ისე დააკავეს, რომ არავინ იცის, რა დევს მის საქმეში მტკიცებულებად.

მოძრაობა “აფხაზეთისთვის” წარმომადგენელი, კობა ჭითანავა მომხდარ ფაქტს “ქართული მხარის უსუსურობას უწოდებს.

მისი თქმით, ეს დაკავებები უკვე რეპრესიულ ხასიათს ატარებს და განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველებზე ვლინდება.

როგორც ვიცით, იმყოფება ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, ისინი ცდილობდნენ თავიანთი ექსპანსიური რეაქციული პოლიტიკა შეფარულად განეხორციელებინათ, ეს უკვე ყველა საზღვარს სცილდება, ისინი უკვე აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებენ, პრაქტიკულად ეს უკვე რეპრესიულ ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით კი ეს ვლინდება ეთნიკურად ქართველებზე, საუბედუროდ. მიზეზი არის ჩვენი უსუსურობა, ქართული მხარის, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფო სისტემის უსუსურობა, - აცხადებს ჭითანავა.

“მოძრაობა აფხაზეთისთვის” წარმომადგენელი ნუკრი ნოდია ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ძალიან მრავლადაა და ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

სამწუხაროდ ეს არ არის პირველი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენს მოქალაქეებს ამ ბრალდებით აკავებენ. როგორც ადგილობრივი ამბობს, ემზარ ბაღიშვილი რა ბრალდებითაც დააკავა რეჟიმმა, ეს არის თითიდან გამოწოვილი, მას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები არაერთია ოკუპირებულ აფხაზეთში. ცენტრალური ხელისუფლება იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ამ მიმართულებით არ უნდა აკავებდნენ. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უნდა აყენებდნენ საქმის კურსში და ყველანარი ძალა გამოიყენონ, რომ ჩვენი მოქალაქე იყოს დაცული, - ამბობს ნუკრი ნოდია.

ბაღიშვილის ოჯახის წევრები, უსაფრთოების ზომებიდან გამომდინარე, კომენტარს არ აკეთებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 10 მარტს დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

დე ფაქტო უწყების ცნობით, 1968 წელს დაბადებულ ემზარ ბაღიშვილს, რომელსაც "აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა" ჰქონდა, 12 მარტს "ჯაშუშობის" ბრალდებით აღუძრეს საქმე. ის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს.