„ვითხოვთ სამართლიანობას“ - 19 მარტს პროკურატურასთან მაღაროელებმა აქცია დააანონსეს

14.03.26 12:53
„ვითხოვთ სამართლიანობას“ - 19 მარტს პროკურატურასთან მაღაროელებმა აქცია დააანონსეს

„ვითხოვთ სამართლიანობას“ - ამ სახელწოდებით 19 მარტს, 13:00-ზე თბილისში, პროკურატურასთან მაღაროელებმა აქცია დააანონსეს.

ვაპროტესტებთ პროკურატურის უსამართლო გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამებრძოლებს ჯერ ბრალი წარედგინათ და შემდეგ პატიმრობა მიესაჯათ - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„19 მარტს თბილისში, პროკურატურასთან ვმართავთ საპროტესტო აქციას. ვაპროტესტებთ პროკურატურის უსამართლო გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამებრძოლებს ჯერ ბრალი წარედგინათ და შემდეგ პატიმრობა მიესაჯათ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ.
ასევე გვსურს, პროკურატურას მოვთხოვოთ დაინტერესდეს და გამოიძიოს ქალაქ ჭიათურაში სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები, კორუფციული სქემები, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი გამოყენება და ბევრი სხვა ფაქტი.
ასევე ვითხოვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა შეისწავლოს ჭიათურის მერიის და ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობა.
ასევე გვსურს მივმართოთ ტელევიზიებს, დაგვითმონ სტუდია და მოიწვიონ არგუმენტირებულ დებატებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი“, - აცხადებენ მაღაროელები.

 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურის პროტესტის ოთხი მონაწილე დამნაშავედ ცნო.
გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და სასჯელის შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი დამნაშავედ ცნეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და სასჯელის სახით 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ.