დაზიანებული და გადათხრილი გზები აჭარასა და გურიაში - ოპოზიცია "ოცნებას" აკრიტიკებს
აჭარასა და გურიაში დაზიანებული გზები ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს. მოსახლეობა ამბობს, რომ გზების რეაბილიტაციის დაპირებას უკვე ორი წელია ისმენს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.
მოქალაქეების თქმით, სახელმწიფო მნიშვნელობის გზებსა და შიდა ქუჩებზე ახალი საფარის დაგება იყო დაპირებული, თუმცა რეალურად პროექტები ან საერთოდ არ დაწყებულა, ან დაწყების შემდეგ შეჩერდა.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ბათუმისა და ოზურგეთის შემთხვევაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ შეწყდა და შუა გზაზე გაჩერდა. მათი თქმით, ოზურგეთში ამორტიზებულია ის გზაც კი, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისთან მიდის.
ამ საკითხზე "ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს ოპოზიციაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თათია ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ რეგიონში გზების მძიმე მდგომარეობა "ოცნების" უყურადღებობის შედეგია და ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები გურიაში წლების განმავლობაში მოუგვარებელი რჩება.
რაც არ ეშლებათ ქოცებს, ეს არის გადთხრა და მიწასთან გასწორება ყველაფრის. თან ახლა ისეთი ფული კეთდება ამ მიმართულებით, რომ ამას როგორ გამოტოვებენ. კობახიძემ რომ მოყვა, რომ თურმე ჩვენ და თქვენ ვტყუით, ამ დროს გადათხრილია არა მარტო ქალაქები და სოფლები, სახელმწიფო ცენტრალური მნიშვნელობის გზა, მაგალითად, ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა, მინიმუმ 20 კმ-ის შემოვლითი გზით უწევთ სიარული და რავიცი, მათ რუკაზე გურია საერთოდ თუ მოიპოვება? ის ახალი ინფრასტრუქტურის მინისტრი რომ ჰყავთ და ძველის დასასმენად რომ გამოიყენეს მხოლოდ პარლამენტში, რავიცი, გამოუშვან და ნახონ მაინც რა ხდება და რა მდგომარეობაში არიან ადამიანები, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი.
ამ ფონზე, "ოცნების" პრემიერი ამტკიცებს, რომ გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მაჩვენებელი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
სამჯერ და ოთხჯერ არის გაზრდილი გზების დაგების მაჩვენებელი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ეტაპობრივად ყველა პროექტი, ბუნებრივია, ხორციელდება და ასეთი ტყუილის თქმა არ შეიძლება, რომ არაფერი კეთდებად ა გზები არ იგება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქებში. ყველა გზა მოვიარე ცენტრშიც და გარეუბნებშიც მოვიარეთ მთელი ბათუმი და ხელვაჩაური, - ამბობს კობახიძე.