რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10 -წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში - "ფულის გათეთრებაში", სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით.
მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლი, როგორც მის ასევე, მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა "ნახიდურჰესის" 15%-იანი წილი.
მიქაუტაძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
- პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი რამდენიმე ქმედების განხორციელებას ედავებოდა. კერძოდ კი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის - "ფულის გათეთრების" ერთ ეპიზოდს; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 3 ეპიზოდს;
- სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ეპიზოდს; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 1 ეპიზოდს.
- რომეო მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
- მას ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნულში მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
- მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
- მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტითაც, რაც უკანონო შემოსავლის უკანონო ლეგალიზაციას - "ფულის გათეთრებას" გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნულში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.